ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

სსუ!.. ჩუმად!.. პან-ტო-მი-მა!..

დატოვე კომენტარი

მისი არაჩვეულებრივი პოეზია ყოველთვის შესაფერისია განწყობისათვის, საოცარი სიმშვიდის მომგვრელი, ლაღი და ხალასია. ყოველი მისი ლექსის კითხვისას მგონია რომ ჩემს აზრებს კითხულობს, საოცრად შეუძლია მოვლენის, გრძნობის და სილამაზის აღწერა. ეს შოთა ნიშნიანიძეა

მუხა

იწვოდა მუხა და ბუბუნებდა,
გედის სიმღერას ამბობდა თითქო.
გადაერია დედაბუნებას
შუქად, ჩრდილებად, ნაცრად და სითბოდ.

ღადარი ჰგავდა გასისხლულ ყანჩას,
ზედ ფერფლი ედო მტკაველის სისქე,
რაც მიწის იყო, მიწაზე დარჩა
და რაც ცის იყო – წავიდა ცისკენ.

***

ოქროს მალავდნენ მთელი ცხოვრება,
ზოგი, ვინ იცის, სად არ მალავდა:
სკივრში, კედელში, ზოგიც ყორესთან,
ზოგი სახლის ქვეშ, ანდა მარანთან.
მიწაში ეგდო გაუქმებული…

ურიცხვ მონეტად, ურიცხვ ტალანტად,
მაგრამ ქვეყანა არ დავსებულა,
რამეთუ ზოგი სულში მალავდა !!!

ძაღლები

თუ ძაღლს ოდესმე მიფერებიხარ,
ალბათ შემცბარხარ ძაღლის თვალებით.
რა ერთგულებით მოგჩერებია,
რა სიყვარულით და მოკრძალებით!

იმ თვალებიდან არა ბრიყვული,
არამედ რაღაც ბრძნულად გამგები,
ადამიანი თუ არ გიყურებს,
გიყურებს რაღაც არანაკლები,

ნუ მიიქცევი, სულო, საძილედ,
ძაღლივით ფხიზლად მიწექი კართან,
ნურაფერს ძაღლურს ნუ ითაკილებ
კუდის ქიცინის და ყეფის გარდა.

იქნებ ისინი სხეულგაცლილი
ადამიანთა სულები გახლავთ,
რაღაც ცოდვისთვის ღვთისგან დასჯილნი,
დაბადებულან ძაღლებად ახლა.

და იმ უხსოვარ ღალატისათვის
ერთგულება აქვთ ახლა მისჯილი?
ძუნწ პატრონებსაც უნდა იცავდნენ,
თუნდაც სძვრებოდეთ სული შიმშილით.

თურმე ძაღლებსაც ამედიდურებს
და უმახინჯებს ძაღლურ ბუნებას
ზედმეტი ქება, ჯილდო, ტიტული,
ზედმეტი ლიზღი და ფუფუნება.

ასეთებს მუდამ ლოჟებში სვამენ
და როგორც წესი, მანქანით დაჰყავთ
ისინიც ლირწი თვალებით სვამენ
ცირკის სიყალბეს და შემთბარ ყაყანს,

ცირკში ვარ…ძაღლი “ბისზე” გავიდა
და ემანჭება სახე ობობად,
მე ძაღლის კბენას უფრო ავიტან,
ვიდრე ამ ძაღლურ მსახიობობას.

ან გამოფენის გოროზ ჩემპიონს,
ამ ჩინ-მედლებით გაბღენძილ რაინდს,
უბრალო ძაღლი რად არ სჯობია
სისხლით თუ არა, ბუნებით მაინც.

ის თუ გიბღვერის ამპარტავნულად,
ეს სამეგობროდ შემოგციცინებს,
უფრო სადაა და სპარტანული,
ჩანს: დაუხვეწავს ბედის სიმძიმეს.

ამიტომ შორით ვუგზავნი ალერსს
და ხშირად, ხშირად ფიქრებით დავდევ:
ცხოვრების ძირში ჩახედულ თვალებს
არსებობისთვის დაკბენილ თათებს.

ის მგელი იყო და მგლობა დათმო,
კაცთან მივიდა სამსახურისთვის,
ადამინო, იყავი სათნო
და ნუ იქნები ზოგჯერ უვიცი.

გთხოვ, ნუ იქნები მკაცრი და გულქვა,
არ დაივიწყო ძაღლის ყისმათი,
არ დაინანო ძაღლისთვის ლუკმა
და არც გალახო, ღვთის გულისათვის.

მე კი წკმუტუნზე გავდივარ გარეთ
და ვხედავ, ძაღლი კუდაბურძგნული
ძაღლივით გამხმარ ამ ლექსის ბწკარებს
რა ბედნიერი მიაძუნძულებს…

პანტომიმის ფილოსოფია

-სალამი,პანტომიმა!
-სალამი,პანტომიმა!
ღრუბლების პანტომიმა!
წვიმების პანტომიმა!
მოსხივდა,მოგალობდა,
რა ღმერთთან მარტონი ვართ,
არფათა,ორღანთა
მუსიკის პანტომიმა.
მომწონხარ,იზაბელავ,
თელებზე მიკანჭულო,
ზედ ცაზე მისაბმელად
ლერწების კრიმანჭულო.
რა მოსდის ადამის ძეთ –
თავს ვეღარ იკავებენ?
სულ ტანზე გადაიცვეს
არაკებ_იგავები.
რად მინდა რას მავალებს,
თუ თავის პატრონი ვარ,
როლების კარნავალი,
ნიღბების პანტომიმა.
ქუჩა თუ იარუსი
რადა ღირს მარტო იმად
ქცევაში, სიარულში
მოწვეთავს პანტომიმა.
უფროსის სავარძელთან,
უფროსის მაგიდასთან
როლები დანაწევრდა,
თამაშიც დაგიფასდათ.
დარდს უნდა გიქარვებდეთ
ღიმილი _ ხატპეპელა,
– ინებეთ სიგარეტი! _
ჩხაკუნებს სანთებელა.
ცხოვრებაც თეატრია
და გვიყვარს გაგიჟებით
რაც უფრო ფერადია
რეკლამა-აფიშები.
……….
რიგს ვიჭერ გარდერობთან…
უფროსის პალტო მიმაქვს…
აქ უკვე არ გელოდი…
სსუ!.. ჩუმად!..
პან-ტო-მი-მა!..

მიქელანჯელოს “მოსე”

მზერაში უცხო სიბრძნის სხივია,
მოკვდავი ვერც კი ახსნის უბრალოდ.
მოსე თუ ასე ღვთაებრივია,
შენ რაღა უნდა იყო უფალო.
და, აჰა, მოსემ აღმართა კვერთხი…
ამ დროს ან შიშობ ან გელოცება…
მოსეს რომ კვერთხად ღვთის ხელი ეპყრა,
შენიშნეს მხოლოდ ანგელოსებმა.
მუხლზე ეცემა ხალხი დევნილი
და სულს იბრუნებს ციურ მანანით
და კვერთხის წვერზე ბრმა ფრინველივით,
თვლემს ჰორიზონტი და ქანაანი.
ეს რა ძალაა ან რა სულია
სათნოების თუ რისხვის მფრქვეველი?
ერთ არსებაში მოქცეულია
ჯოჯოხეთი და სასუფეველი.
ნახევრად ღმერთი.თანაც ტყის კაცი,
ზებუნებრივი, თანაც ველური:
შემწყნარებელი თავის სიმკაცრით
და შეწყნარებით გამკაცრებული.
შემზარავია მისი დუმილი,
იდუმალია და აუხსნელი,
მრავლისმთქმელია მისი დუმილი.
მაგიურია და მომნუსხველი.
დუმილით გიმზერს
და უცნაურად
სულის კუნჭულებს გითვალიერებს.
ის, რაც სავსეა, როდი ხმაურობს,
ხმაურობს მხოლოდ სიცარიელე.
წინასწარმეტყველს თუ ესიზმრება
მესიის სობრძნე და გზა ახალი?
მომავლის დიდი კატაკლიზმები
და უსასრულო გარდასახვანი?
კვერთში მარხია ღვთის ნებისყოფა
ყოვლის აღმდგენი და შემმუსვრელი,
სტიქიონების მარადისობა,
მოკვდავის სულში შემოუსვლელი.
და ქვეყანაზე დიდი რაც კია –
მეფის სკიპტრაა
თუ მხატვრის ფუნჯი,
თუ მოსეს კვერთხის მადლი არ სცხია,
რაღაც აკლია და რაღაც უჭირს.

მესმის საჭრეთლის ხმასასურველი
და ოცნების დროს ამ ხმით ვენთები,
ამ ხმას მოჰყვება ლოცვის სურნელი,
სურნელი დაფნის და ლეგენდების.
შეგეკითხები გაუბედავად
და ნუ დამძრახავ მოკვდავს, გამჩენო,
რა იქნებოდა მოსე ნეტავი,
რომ არ შეექმნა მიქელანჯელოს.
ქვადქცეულ მოსეს ფიქრით ვეხები,
ვით შთაგონებას ჟამთაან ნაომარს
და მარმარილოს თბილ ნატეხებით
თვალი ევსება არარაობას…

ლომი

– ლომო როგორ ხარ?_
მოგიკითხავენ
და გპატიჟებენ ლუდზე ბიჭები.
მასპინძლის უღელს თვითონ ითავებ
და ყველას იქით ეპატოჟები.
ლომის პარიკი ბევრს შეუკვეთეს
და მეტოქეებს ჰყოფენ კასტებად …
არ გაგიკვირდეს: ლომზე უმეტეს
ლომის ნიღაბი თუკი ფასდება …
თავს გადააქნევ უკმაყოფილოდ,
ლომს ჯერ სიზმრები არ აგხდომია:

_ ცხოვრება თურმე ცირკი ყოფილა
და ცირკის ლომი რაღა ლომია …

ბედი

ტრაგიკოსია და კლოუნად გამოჰყავთ მუდამ,
პარიკიც უგავს ცხენის ჯიდაოს,
“კაცო, ნუ ხარო უმადური, – ათასჯერ უთქვამთ,
ამაზე მეტი ტრაგედია რაღა გინდაო”.

ზოგი მიფრინავს, უკან რჩება ჟამი და სივრცე,
ზოგი მიჩოჩავს, სიმწრის ოფლი გასდის კბილებში,
მაგრამ ქომაგი იშველიებს ანტიკურ სიბრძნეს:
“ვერ დაეწევა, ბატონებო, კუს აქილევსი”.

ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით
და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს,
ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები,
ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია.

გაგრძელება იქნება … 🙂  

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s