ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

სიქსტინის კაპელა

2 Comments

“დავითის” შემქმნელი თვითონ მოევლინა ქვეყანას როგორც ჭაბუკი ბუმბერაზი, რომელიც მძლავრი მარჯვენით ამსხვრევდა 1000 წლით შებოჭილი ხელოვნების ბორიალებს, თუმცა თვითონ მიჯაჭვული იყო ქვაზე.” – წერს აკაკი გელოვანი როზემარია შუდერის რომანის “მიჯაჭვული ტიტანის” განხილვისას.

 

სიქსტინის კაპელა

შრომის ტიტანური სტილით მიქელანჯელოს ძნელად თუ ვინმე შეედრება. იგი გავდა მისებრ უსახურ  ჰეფესტოს, ოლიმპიელი ღმერთების მჭედელს. სწორედ მას უბრძანეს საჭრეთლის დადება და ფუნჯის აღება. მან უნდა დახატოს ისეთი სურათები, რომ მნახველში მოწიწებას იწვევდეს. მან მართლაც დახატა სურათები, რომელიც მნახველში მოწიწებას იწვევს, თუმცა მნახველი მოწიწებით იმსჭვალება არა ღმერთის, არამედ შემოქმედი ადამიანის წინაშე.

ხელოვნების ქმნილებებით განთქმული ამ კაპელის სახელი დაკავშირებულია პაპ სიქსტის სახელთან, მაგრამ თვით სამლოცველოს სიქსტინა (Sixtina) ეწოდება და არა სიქსტეს კაპელა, როგორც ზოგი ხმარობს.

ამ პერიოდში პაპის ტახტზე გახლდათ იულიუს II, სწორედ მისი ბრძანებით მოხატა მიქელანჯელომ სიქსტინის კაპელა. პირველად შორს დაიჭირა ტიტანმა თავი. მხატვრობა? ისიც ფრესკა? თანაც ჭერზე, სადაც იატაკზე მდგარ ადამიანთა ხედვის კუთხე და სიშორეც უნდა გაითვალისწინოს (15-18 მეტრამდე მანძილი).  ეს ძალადობის ტოლფასი იყო. ხელოვანი პაპს არწმუნებდა, რომ მოწოდებით მოქანდაკე იყო, მას ხომ ამ დარგში აქამდე არაფერი საგულისხმო არ შეუქმნია. მაგრამ პაპმა სიტყვა არ გადათქვა. და აი, ტიტანი მარტო შეუდგა საქმეს.

ადამიანმა, რომელიც თავს მხატვრად არ თვლიდა, შექმნა რაღაც გრანდიოზული, მიუწვდომელი, ძალუმი… შექმნა ახალი ეპოქა მხატვრობის ისტორიაში.

“დიდოსტატმა კამარის ჭერზე დაასახლა მონუმენტური წინასწარმეტყველები, სიბილები, უაღრესად ადამიანური და თანაც ზებუნებრივნი, დრამატული, ტიტანური რევოლუციური ფიქრით მოცულნი.” – წერს აკაკი გელოვანი.

ფრესიკის სახეების ყურებისას გინდა შეეხო მათ, თითქოს ცოცხალია და სუნთქავს, ფერიც კი ისეა შერჩეული… ეს ხომ სხეულის ფერია. ყველაფერი იმდენად რეალურია გითრევს და უკვე განიცდი და გრძნობ მათთან ერთად დაბადებასაც და განკითხვის დღესაც.

 

ისედაც პირქუში და მდუმარე, ის ჰგავდა ღმერთს, რომელსაც სამყარო უნდა შეექმნა

მთელი კედელი უჭირავს ამ გრანდიოზულ ქმნილებას, რომლის 300-მდე გმირის კრიალოსნის შუა, ზემო ნაწილში ზის ციური მსაჯული, ქრისტე, შემართული ხელით თითქოს მეხსა სტყორცნის და შეკრული შუბლით ანიშნებს: შებრალება არ იქნებაო! ანგელოზთა დასი ბუკთა ძახილით აღვიძებს ცოდვილ სამყაროს. გაპობილი მიწიდან ამოდის ადამიანთა ურიცხვი ნაკადი, ნეტარნი მსუბუქად ადიან ცაში, ცოდვილნი კი ერთიმეორეზე გადაგრეხილნი ბზრიალ-ტრიალით ეშვებიან ძირს.

თვით ნეტართა სახეზე არ შეინიშნება სიხარული. საუკუნო ძილს დაღი დაუსვამს ადამიანებისთვის. ყველა ცდილობს გაიჭრას მსაჯულისკენ, მარჯვენა ქვედა კუთხეში კი ქარონი კეტით ერეკება ცოდვილებს ჯოჯოხეთისკენ.

მისი სიგრძეა 17 მეტრი, სიმაღლე 14 მეტრი. ადამიანის თვალი მას ერთდროულად ვერ მოიცავს… საქრისტიანოს მთავარი სამლოცველოს კედელს ფარავდა 300-მდე ტიტველი ფიგურა, ქალი და კაცი, რომელთაც სამოსის ნასახიც არ ეცვათ. სიტყვა უზნეობაზე ჩამოვარდა. სამწუხაროდ, მისი შემკვეთი პაპი იყო. თვითონ პავლემ ბრძანა დაეფარათ სარცხვინელი ადგილები. გაჩნდა ურიცხვი რიდესამოსი, ჩვარი. ასე მოსავდნენ ტიტანის გმირებს მღვდელმთავრები და აშიშვლებდნენ თავიანთ სულს. გამოჩდნენ პაპები რომლებმაც კინაღამ ჩამოფხიკეს მთელი კედელი. თვითონ მიქელანჯელო კი ოლიმპიური გულგრილობით შესცქეროდა, როგორ ასახიჩრებდნენ მის ქმნილებას და კითხვაზე მხოლოდ ეს უპასუხა: _ გადაეცით მის უწმინდესობას, რომ სურათების მოწესრიგება ადვილია, ქვეყნის საქმე მოაწესრიგოს

დაბადება

განკითხვის დღე

ტიტანმა ამ სურათის შექმნას 7 წელი მოანდომა.

მიქელანჯელოს ჰქონდა ტიტანთა ყველა თვისება. თავისი ხელით ამზადებდა ყოველ უბრალო სატეხს, ქლიბს, არავის სთხოვდა. ახსოვდა ყველა თავისი სახე _ შექმნა კი  3000-მდე სახე _ და არასოდეს იმეორებდა ერთხელ გამოკვეთილს, თუ დახატულს. დიდ საქმეებში შეუპოვარი, წვრილმან საქმეებში საოცარ გაუბედაობას იჩენდა და ალბათ ვერც ქალს გაუმხილა სიყვარული… ერთი მღვდლის კითხვაზე, ცოლი რატომ არ მოგყავსო, მან მიუგო: ხელოვნება ეჭვიანიაო

ყურადღება მინდა გავამახვილო წმინდა ბართლომეზე სიქსტინის კაპელის უკანასკნელი სამსჯავროდან. ულამაზესია მისი სახე, მოძრაობა და ფერები. წმინდა ბართლომეს ხელში უჭირავს დანა, რითაც იქნა ნაწამები და იგი ფაქტიურად გაატყავეს, სწორედ ამიტომ მარცხენა ხელში საკუთარი ტყავი უჭირავს, როგორც სიმბოლო რაღაც ახალი დაბადებისა ცათა სასუფეველში. თუ კარგად დავაკვირდებით მისი სახე რადიკალურად განსხვავებულია იმ სახისგან რაც ტყავზეა ასახული, ამასთან ის თუ ცათა სასუფეველში უთმო და მელოტია, ტყავზე მის თავს საკმაოდ ხშირი თმა აქვს. ამასთან მეცნიერთა გარკვეულმა ნაწილმა ტყავზე გამოსახულ სახესა და მიქელანჯელოს სახეს შორის საოცარი მსგავსება აღმოაჩინეს. რამაც მისცა მათ უფლება გამოეთქვათ ვარაუდი იმის თაოვაზე რომ მან წმ. ბართლომეში საკუთარი თავი გამოსახა. მოდით დავაკვირდეთ სურათს:

 

წმინდა ბართლომე სიქსტის კაპელის უკანასკნელი სამსჯავროდან

წმინდა ბართლომე სიქსტინის კაპელის უკანასკნელი სამსჯავროდან

მიქელანჯელო და ძველი ბართლომე

მიქელანჯელო და ძველი ბართლომე

.

ერთხელ  ერთმა მეგობარმა პოეტმა უთხრა მიქელანჯელოს: –  “ვინც ერთნაირად წერს, ხატავს და აქანდაკებს, მიქელ-ანგელზია (მიქელ-ანგელოზი = მიქელ-ანჯელოს ავტ. შენიშვნა)  და არა მოკვდავიო.”

.

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

2 thoughts on “სიქსტინის კაპელა

  1. პირველი სურათი სამგანზომილებიანს ჰგავს…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s