ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

ძაღლური ცხოვრების დღეები…

4 Comments

ერთი უბრალო “მაწანწალა” ვარ, როგორც ყველა მეძახის. არა და მაწანწალად კი არ დავბადებულვარ, ვცხოვრობდი ერთ დიდ და ლამაზ სახლში, მქონდა სითბო, საჭმელი, ადამიანი მყავდა გვერდზე რომელსაც ძალიან ვუყვარდი, ყოველთვის მეფერებოდა და მივლიდა, ზრუნვას არ მაკლებდა. მეც მიყვარდა, ისე ძალიან მიყვარდა რომ მისი სიკვდილის მერე იმ სახლთან ყოველდღე მივდივარ, მერე რა რომ იქ სულ უცხოები ცხოვრობენ და მე არც კი მიცნობენ. ის ლამაზი სახლი სულ მას მაგონებს. მახსენდება როგორ მეფერებოდა და მეთამაშებოდა… ახლა კი… ვინაა ჩემი პატრონი რომ მომხედოს, დავდივარ დაუბანელი და იმ იმედად ვარ რომ ვინმეს შევეცოდები და ერთ ლუკმა პურს გაიმეტებს ჩემთვის. რატომ ღმერთო? რატომ გავჩნდი ფუფუნებაში თუ ჩემი ბოლო ეს უნდა ყოფილიყო? ალბათ რამე გავაკეთე ცუდად და ჩემს პატრონს ვაწყენინე, ხო, ალბათ ასეა… ეხლა გამახსენდა, ცოცხალი რომ იყო მეფერებოდა მძინარეს, მე კიდე სიზმარში ვხედავდი სხვა ძაღლს როგორ ვეჩხუბებოდი და შეშინებული წამოვხტი და შევუღრინე. მერე კი მოვუხადე ბოდიში, მოვინანიე და გამოვისყიდე ჩემი შეცდომა, იმის მერე სახლში რომ მოდიოდა ჩუსტები სულ მიმქონდა, თვითონ რომ არ შეწუხებულიყო, ვუჯერებდი ყველაფერს რასაც მეტყოდა, ბურთს რომ გადამიგდებდა მიმქონდა, მაგრამ… რა ვიცი, ეტყობა ამის გამო ვისჯები და ვატარებ ჩემს ჯვარს …

თქვენ ხომ არ იცით ქუჩაში რა ხდება… პირველად რომ გამოვედი, პატრონის გარეშე დამინახეს თუ არა, აქაურები მაშინვე გამომეკიდნენ ლანძღვით, მეც რაც ძალი და ღონე მქონდა გავრბოდი, რა ვქნა, ოთხი ფეხი კი მაქვს, მაგრამ აქაც ბედი არ მწყალობს, მოკლეა, ტანი გრძელი მაქვს და ყურები მაქვს ჩამოკონწიალებული, რომ გავრბივარ სულ ფეხებში მედება და კიდევ იმათი დასაცინი ვხდები. დამიჭირეს მაშინ და საქმეები გამირჩიეს. თურმე იმათ ტერიტორიაზე მივსულვარ და არ მცოდნია, ან საიდან უნდა მცოდნოდა? მე ხომ პატრონის გარეშე სასეირნოდ მარტო არასდროს გამოვსულვარ, ესენი კი შორიდან მცნობდნენ ხოლმე და რომ გამიჭირდა ვიფიქრე დახმარებას ვთხოვ-მეთქი… ეჰ, თურმე როგორ ვცდებოდი… თურმე ამათი უფროსი “მგელს” რომ ეძახდნენ ქურდი ყოფილა, მაგრამ ბალანი ყავისფერი აქვს და მე რომ დამინახა შავი ფერის იფიქრა ადგილის წართმევას მიპირებსო, მოვიდა და საქმეები გამირჩია. მარტო ღმერთმა იცის რად დამიჯდა თავის მართლება, დიდი ხნის ლაპარაკის შემდეგ დამიჯერა, დამინახა რომ სახლის ძაღლი ვიყავი და თავის ბანდაში მიმიღო, იმ პირობით რომ მე მისთვის მაღალი წრის ეთიკა და კულტურა უნდა მესწავლებინა. თურმე კი არა და სამეფო პუდელი მოსწონს, ის ცისფერსისხლიანი ქალბატონი, რომ გაიგო მე ვიცნობდი მაშინვე გამიღიმა და თავშესაფარს დამპირდა. და აი მას მერე ერთ მიტოვებულ ჯიხურში ვცხოვრობთ, მართალია ჩემი პატრონის სახლს არ ჰგავს მაგრამ… ყოველ შემთხვევაში თავზე წყალი არ ჩამომდის და ზამთარში კიდე თოვლი არ მაწუხებს.

რომ იცოდეთ რა ხიფათით სავსეა მაწანწალა ძაღლის ერთი დღე… ამას წინათ ერთი კაცი გამოგვეკიდა, რომ დაგვინახა უპატრონოები ვიყავით… ხელში რაღაც დიდი თოფი ეჭირა, პირველად ვნახე ასეთი რამე, უნდოდა რომ ესროლა ჩვენთვის, მაგრამ ძლივს დავუსხლტით. მარტო საწყალი რექსი ვერ გადაურჩა იმის ნასროლს და წკმუტუნით დაენარცხა ძირს. რომ დავინახეთ ძირს დაეცა შემოვესიეთ გარშემო და ვყეფდით რაც ძალი და ღონე გვქონდა, მგელი კი მიახტა თათებით იმ კაცს და გაეკიდა, უნდოდა რომ ეკბინა, მაგრამ გაექცა. საწყალი რექსი კი ვერ გადავარჩინეთ. სიკვდილის წინ დაგვიბარა რომ მისი ლეკვებისთვის და მათი დედისთვის მიგვეხედა. თქვენ ხომ არ იცით ლეკვების დედა როგორ მოთქვამდა რომ გაიგო რექსის სიკვდილის ამბავი, მისი ყმუილი მთელს ქუჩას აყრუებდა. საწყალი ლეკვები, 4 ლეკვის მარტო გაზრდას ეხუმრებით თქვენ? ჩვენ კი ამოვუდგებით მხარში მაგრამ… საწყალი ჯესი… მან ჯერ ისიც არ იცოდა წინ რა ელოდებოდა…

8 მარტი იყო, ხო, ზუსტად მახსოვს, 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე, მგელს ვურჩიე რომ თავისი გულისწორისთვის მიელოცა, ეს დღე ხომ ქალებს ძალიან უყვართ მითუმეტეს ისეთ ცისფერსისხლიან არისტოკრატებს, როგორიც სამეფო პუდელი ლედია.  მოკლედ, დილით მგელი ლედის სანახავად წავიდა. მე კი ჩემი პატრონის სახლისკენ მივაშურე, მერე მისი საფლავიც მოვინახულე, დიდხანს ველაპარაკე, არ ვიცი გამიგო თუ არა, ალბათ გამიგებდა, რამდენადაც ვიცი იქ ზემოთ ყველაფერი ესმით. ეჰ ძალიან მომენატრა… მერე კი გადავწყვიტე ჯესისთვის შემევლო, დამეხედა მისი ლეკვებისთვის და ბოლოს და ბოლოს 8 მარტი მიმელოცა, ვიცი რომ გაუხარდებოდა. ჯესი ერთ-ერთი თბილისური პარკის ბოლოში ცხოვრობდა, გარშემო სულ ადამიანებით დასახლებული კორპუსები ერტყა, იქ მეც ვიცნობდი რამდენიმეს, მოდიოდნენ ჯესისთან მისთვის საჭმელი მიჰქონდათ და მის ლეკვებს ეფერებოდნენ. მეც მეფერებოდნენ და სახელიც კი შემირჩიეს, კოკის მეძახდნენ, იმათ გამო ყველა ჩვენი ბანდის წევრიც კოკის მეძახდა, მიუხედავად იმისა რომ იცოდნენ ჩიკო მერქვა, ასე ამბობდნენ კოკი უფრო კაცურიაო. მოკლედ მოშინაურებული ვიყავი იმ უბანში მეც. ჯესი და ლეკვების მონახულების მერე მალევე წამოვედი, თვალს არ ვიყავი მოფარებული რომ ჯესის ყეფის და ლეკვების წკმუტუნის ხმა გავიგე, ეგრევე ყეფა-ყეფით გავიქეცი მათკენ, თან ჩემს მოძმეებს ვეძახდი… ოხ ეს ჩემი მოკლე ფეხები, რა დროს მიმტყუნებს ხოლმე, სანამ მივედი სროლის ხმა გავიგონე, თურმე ჯესი თავგამოდებით იცავდა თავის ლეკვებს, არ დაანება იმ ავაზაკ ადამიანს, რომელსაც გულის მაგივრად ქვა უდევს. როგორ შეიძლება მარტოხელა დედას ასე დაესხა თავს და ესროლო, ესროლო შვილების თვალწინ. რამ გააბოროტა ეს ადამიანები არ მესმის, ეხლა აღარ მიკვირს მგელს და დანარჩენებს რატომ არ უყვართ ისინი და რატომ ჰყეფენ გამუდმებით მათ. საწყალი ჯესი, რა გამწარებული ყმუოდა და ყეფდა, ძლივს მივუსწარი, ჩემი მოძმეებიც შემომიერთდნენ, მაგრამ ჯესი ვერ გადავარჩინეთ, იმ გულქვა ადამიანმა ჯესის მაინც ესროლა. თქვენ ხომ არ მოგისმენიათ ლეკვების წკმუტუნი, როგორ დასტიროდნენ დედას. ძლივს მოვაშორეთ იქაურობას რომ კიდევ არ ენერვიულათ.

ადამიანო, რამ გაგაბოროტა ასე? ნუთუ არ გესმის რომ შენი ერთგულები ვართ მუდამ? ყოველთვის შენს მეგობრად შეგიძლია გვიგულო… დაცვა გინდა? ჩვენ გიცავთ. მოფერება გინდათ? ჩვენ გეფერებით და გიქიცინებთ კუდს. სახლის ყარაული გინდათ? ისევ ჩვენ მოგვმართავთ. საუბარი გინდათ? გულისყურით გისმენთ და სიტყვას არც კი გაწყვეტინებთ. საკმარისი იყო თქვენ იმ წუთში ჯესის თვალებში ჩაგეხედათ, როცა თავის ლეკვებს იცავდა, კვდებოდა და კიდევ თავის ლეკვებს ეფარებოდა… საკმარისი იყო თქვენ ეს დაგენახათ და მის გულს ჩასწვდომოდით, რომ ჩახმახიდან თითს მაშინვე აიღებდით…. მაგრამ თქვენ ეს არ გააკეთეთ, უფრო მეტიც, გაიმეტეთ დედა, ქალი, თან ისიც 8 მარტს, ქალთა დღეს… და ამის მერე შენ კიდევ ჩვენ გვეძახი ცხოველებს? ყველაზე საშიში ცხოველი კი ამ დროს შენ ხარ, ყველაზე დაუნდობელი და ტირანი…

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

4 thoughts on “ძაღლური ცხოვრების დღეები…

  1. -როგორ მინდა,რამე თბილი სიტყვები დავწერო,მაგრამ ისეთი გნიასია შენი თანამოძმენის,აზრი მეფანტება..ახლა ჩაყუჩნდნენ…ცუცა,ერქვა ჩვენს ძაღლს,ის ჩემმა მეუღლემ ქუჩიდან მოიყვანა,სულ პატარა იყო…გაიზარდა,გარაჟში ცხოვრობდა,უამრავი თაყვანისმცემელი ყავდა,მისი გულისთვის უბნის “რაინდები”ერთმანეთს სასიკვდილოდ არ ინდობდნენ…არ დარჩა არც ერთი მეზობელი,რომ არ ეკბინოს,როგორ დიდ სულოვნად გვპატიობდნენ…ახლა შენ,აღარა ხარ…მხოლოდ ფოტო სურათები შემოგვრჩა შენი…

  2. ძალიან საყვარელია ^_^

  3. საყვარელიიი ^_^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s