ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

მარადიული სიყვარულის სიმბოლო – თაჯ-მაჰალი

6 Comments

.

ინდოეთის ქალაქ აგრაში აღმართული ეს თეთრი მარმარილოს ტაძარი ქალისადმი მამაკაცის სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევა. იგი მოგოლების ერთ-ერთმა იმპერატორმა, შაჰ ჯაჰანმა, უსაყვარლესი ცოლის – მუმთაზ მაჰალის მოსაგონებლად ააშენა. ეს მავზოლეუმი ინდოეთის სიმბოლოდ იქცა. ქვეყნის მცხოვრებთათვის წმინდა ადგილია და იქ შესვლისას, ისევე როგორც ტაძარში შესვლისას, ფეხზე იხდიან. ისტორიული, კულტურული და თითქმის რელიგიური დანიშნულების მქონე ამ ძეგლს, ხელისუფლებაც უფრთხილდება, სწორედ ამიტომაც, 1994 წლიდან მანქანით 400 მეტრზე ახლოს მიახლოება აკრძალულია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძვირფასი სტუმარი სტუმრობს მას, ნებისმიერ შემთხვევაში, განურჩევლად ყველა ფეხით მიდის მის დასათვალიერებლად. გარდა ამისა, განსაზღვრულ დისტანციაზე მანქანის სიგნალებიც კი აკრძალულია.

.

შაჰ ჯაჰანი ინდოეთის მუსლიმანი მმართველების, დიდი მოგოლების შთამომავალი იყო (მოგოლები 1526 – 1858 წლებში მეფობდნენ ინდოეთში).

პრინცი ყურამი, მომავალში შაჰ ჯაჰანი, 1592 წელს დაიბადა. ლეგენდის მიხედვით, ყურამი ბაზარში მიდიოდა, როდესაც უმშვენიერეს გოგონას წააწყდა, რომელიც სამკაულებს ყიდდა. გოგონა მამამისის ვეზირის ქალიშვილი, 14 წლის არჯუმანდ ბანუ აღმოჩნდა. პრინცი იმდენად მოხიბლულა მისი სილამაზით, რომ უბრალო სამკაულები ბრილიანტებად ჩაუთვლია და ერთ-ერთში 10 000 რუპია მიუცია. მაშინვე მისულა მამასთან და მისი ცოლად მოყვანის უფლება უთხოვია. პრინცს მაშინ უკვე ყავდა  ერთი ცოლი. 1612 წელს ისინი დაქორწინდნენ და მას შემდეგ განუყრელები გახდნენ. 18 წელი ერთად იცხოვრეს. 1628 წელს პრინცი ყურამი ტახტზე ავიდა, არჯუმანდს სახელი შეუცვალეს და მუმთაზ მაჰალს, ანუ სასახლის რჩეულს ეძახდნენ, ზოგი კი  – თაჯ მაჰალს, ანუ სასახლის გვირგვინს.

 .

ქმარს ისე უყვარდა, გვერდიდან ერთი წუთითაც არ იშორებდა. სამხედრო კამპანიების დროსაც კი თან ახლდა, სახელმწიფო საქმეებზე რჩევასაც ეკითხებოდა და ნებისმიერ საკითხს მას უთანხმებდა.

ერთხელ, მოგოლების მიერ დაპყრობილი ინდოეთის ერთ-ერთ რეგიონ ბურჰანპურში ხალხი აჯანყებულა. შაჰ ჯაჰანი აჯანყების ჩასახშობად დიდი ჯარით გაეშურა. თან, როგორც ყოველთვის, საყვარელი ცოლიც ახლდა, სეფექალების მთელი ამალითურთ. მუმთაზ მაჰალი 14-ე შვილზე ყოფილა ორსულად და სწორედ მაშინ დასწყებია მშობიარობა. ბავშვი დაიბადა, თვითონ კი მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების პერიოდს დაახლოებით 1629- 1631 წლებს უკავშირებენ.

მისმა სიკვდილმა იმპერატორს თავზარი დასცა. ის ისეთმა სევდამ შეიპყრო, რომ რამდენიმე თვეში წვერიც და თმაც სულ გასთეთრებია.

ამბობენ, რომ მუმთაზმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში იმპერატორს თავისი სიკვდილის შემთხვევაში ოთხი სურვილის შესრულება მოსთხოვა: 1. ისეთი მავზოლეუმი აეშენებინა მის სახელზე, რომლის მსგავსიც დედამიწის ზურგზე არ იქნებოდა; 2. ისევ შეერთო ცოლი; 3. კეთილად მოქცეოდა მის შვილებს და 4. მის საფლავზე გარდაცვალების წლისთავზე მისულიყო.

.

იმპერატორი ანდერძის შესრულებას შეუდგა. სამეფო კარზე მთელი ქვეყნიდან სახელგანთქმული მშენებლები მიიწვია. ამბობენ რომ მთავარი არქიტექტორი წარმოშობით ბერძენი, ბიზანტიელი თურქი – უსტად მუჰამედ ისა ეფენდი იყო. შაჰმა თვითონ შეარჩია მავზოლეუმის ადგილი მდინარე ჯამუნას მარჯვენა შესართავთან. მშენებლობა 22 წელიწადს გაგრძელდა. 22 000 მუშა შრომობდა მის აშენებაზე. იგი 32 მლნ. რუპია დამჯდარა, რაც იმპერატორის ხაზინის კვალობაზეც კი უზარმაზარი თანხა იყო. მასალების გადაზიდვაში 1000 სპილო გამოიყენეს. ქათქათა მარმარილოს  ტაძრის კედლები სერდოლიკით, ფირუზით, ლაზურიტით, მარჯნით, მარგალიტით და მალაქიტით შეამკეს. მავზოლეუმში ძვირფასი სპარსული ხალიჩები , ოქროს შანდლები და ასევე ორი გიგანტური ვერცხლის კარი იყო. მათი ნაზილი 1764 წელს მოიპარეს. დედოფლის სარკოფაგს უამრავი მარგალიტი ფარავდა, ისინი ამირ  ჰუსეინ ალი ხანმა წაიღო.

როგორც დედოფლის სარკოფაგზე, ისე მავზოლეუმის კედლებზე სხვადასხვა გეომეტრიული მოტივი და ყურანის სურებია წარმოდგენილი. ალაჰის სახელი დედოფლის სარკოფაგზე 99-ჯერ არის მოხსენიებული.

ლეგენდის მიხედვით, შაჰ ჯაჰანს ჯამუნას მეორე მხარეს, თაჯ მაჰალის პირდაპირ, თავისთვის შავი მარმარილოს მავზოლეუმის აშენება უნდოდა. ეს ორი მავზოლეუმი კი ერთმანეთს შავ-თეთრი აჟურული ბადით დაუკავშირდებოდა. ბევრი ფიქრობს რომ ეს მხოლოდ ლეგენდაა და მას მხოლოდ საყვარელი ცოლის გვერდით დასაფლავება უნდოდა.

 .

მავზოლეუმი იმპერატორის ცხოვრების  მიზანი გახდა. თაჯ მაჰალის გარდა აღარაფერი აინტერესებდა, ტახტის შენარჩუნებაზე აღარ ზრუნავდა.

ერთხელ, როდესაც შაჰი ავად გახდა, მისმა ვაჟმა, აურანგზებმა, დრო იხელთა, ძმებს გაუსწორდა და ტახტი მიიტაცა. მშენებლები და ქვისმთლელები გაყარა, ავადმყოფი მამა კი ციხესიმაგრეში ჩაკეტა რამდენიმე მოსამსახურესთან ერთად, თან ერთი ვერცხლის სარკე დაუტოვა, რომელშიც თაჯ მაჰალის მინარეთები ირეკლებოდა. ათწლიანი პატიმრობის შემდეგ შაჰ ჯაჰანი ნახევრად დაბრმავდა, შორს ვეღარ ხედავდა. აურანგზებმა ძლიერი სახელმწიფო შექმნა, მისი სიტყვა კანონი იყო. უამრავი ადამიანი ემორჩილებოდა, ბევრი ქალაქიც აღგავა პირისაგან მიწისა.

როდესაც დაუძლურებული შაჰ ჯაჰანი გარდაიცვალა, მისი ნეშთი თაჯ მაჰალში ღამით გადაიტანეს და ყოველგვარი პატივის გარეშე დაკრძალეს.

ამბობენ, რომ თვით ჯაჰანიც შეუბრალებელი მმართველი იყო, არავის ინდობდა და არც მისი ცოლი მუმთაზ მაჰალი იყო მიმტევებელი მტრების მიმართ. თურმე, როდესაც მავზოლეუმის მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა, შაჰ ჯაჰანმა მის მშენებლებს მარჯვენა ხელები მოჰკვეთა, ხოლო მთავარ არქიტექტორს – თავი, რათა თაჯ მაჰალის მსგავსი შენობა არასოდეს აეშენებინა.

დედოფლის მავზოლეუმი დიდი კომპლექსის მხოლოდ ნაწილია. მასში დიდი ბაღი, მეჩეთი, სასტუმრო სახლი და სხვადასხვა ნაგებობები შედის. მავზოლეუმი დიდ პლატფორმაზე დგას, მისი დიდი გუმბათის დიამეტრი 17 მეტრია, სიმაღლე – 64 მეტრი,  4 პატარა გუმბათი აქვს, მთელ კომპოზიციას კი 4 მინარეთი (კოშკი) ასრულებს. შენობაში დედოფლისა და შაჰის სამარხია. ტაძრის აგებისას იდეალურად არის დაცული სიმეტრია, ერთადერთი ასიმეტრიული თავად შაჰ ჯაჰანის სამარხია.

შენობას ქალს ადარებენ. ამბობენ რომ ძირითადი შესასვლელი ჩადრიან ქალს გავს, რომლის სილამაზესაც ჩადრის ფრთხილად მოხსნით დაინახავ.  დილით მოვარდისფროა, საღამოს რძისფერი, როდესაც მთვარე ანათებს ოქროსფერი… ქალივით ცვალებადიაო… 🙂

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

6 thoughts on “მარადიული სიყვარულის სიმბოლო – თაჯ-მაჰალი

  1. მართლა ულამაზესია, მაგრამ ყველაფერი, რაც დღეს ასეთი აღმაფრთოვანებელია, უამრავი უსახელოდ გადაგებული ადამიანის სისხლს და სიცოცხლეს მოითხოვდა თავის დროზე…

  2. მართლაც რომ ძალიან ძალიან ლამაზია………:):):)

  3. ძალიან საინტერესო პოსტია.. 🙂

  4. ძალიან საინტერესო ისტორიაა, ძალიან გამომადგა ღია გაკვეთილისათვის

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s