ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

დამალეთ ეს ქვეყანა!!!

6 Comments

კიდევ მიტინგი… თუმცა უკვე მიტინგსაც კი ვეღარ დავარქმევ… ეს უფრო თავშექცევას გავს მოწყენილობის ჟამს, როცა არ იცი რა აკეთო, როცა თავში ათასი “დიადი” გეგმა გიტრიალებს, როცა უკვე გრძნობ რომ შენი სახელი ყველას ავიწყდება… ამ დროს როგორ უნდა მოიქცე? რა თქმა უნდა სასწრაფოდ უნდა გამოიძახო ქუდზე კაცი, სასწრაფოდ უნდა გაუწიო “მრავალათასიან აქციას” ორგანიზება და აუცილებლად პარლამენტის წინ, ან თუნდაც თავისუფლების მოედანზე, “თავგანწირვით” ხმის ჩახლეჩვამდე უნდა იყვირო: “მიშა წადი!” და აი ისიც, ნანატრი პოპულარობა აღდგენილია, ყველა შენზე საუბრობს, ყველას შენი სახელი აკერია პირზე… მართალია უმცირესობის კერპი ხარ, მაგრამ ვიღაცის კერპი ხომ ხარ? არ აქვს მნიშვნელობა რას ილაპარაკებ “მიტინგზე”, მთავარია ილაპარაკო, თუ გინდა წითელქუდა მოყევი, მთავარია ყოველ 2 წინადადებას შორის იძახო “მიშა წადი!”, “მიშა მოვიდივარ!” “მიშა! გრიშა! ხვიჩა!” და ა.შ. და ა.შ. ჟურნალისტების გარდა ამას ვერავინ შეამჩნევს, ჯანდაბას მათი თავი, ვის ადარდებს მათი ტლიკინი? ხო სულ დამავიწყდა, სამართალდამცავების დანახვაზე აუცილებლად შუა თითის დემონსტრირება უნდა მოახდინო და “ტ” და “ყ” ბგერების სწრაფ მონაცვლეობაში ივარჯიშო, ქალაქის ქუჩები სანაგვე ურნას დაამსგავსო, მიწისქვეშა გადასასვლელები – ტუალეტს. აუცილებლად რომელიმე საკვების სახელი უნდა გერქვას, თან აუცილებლად მის რუსულ ვარიანტს უნდა გეძახდნენ. რუსულზე გამახსენდა, არ უნდა დაგავიწყდეს რომ რუსეთს მადლობა გადაუხადო მხარდაჭერისთვის, ეს შენს დიდსულოვნებას ხაზს გაუსვამს. ხალხს უნდა დაპირდე რომ მათ გვერდით დადგები და ბოლოს უნდა “გადააგდო”, უფრო დაგაფასებენ! არავითარ შემთხვევაში არ უნდა ისაუბრო მომავალ პერსპექტივებზე და გეგმებზე, უნდა ნაყო წყალი და ტკეპნო ერთი ადგილი! ან რაში გჭირდება გეგმების დაწყობა? ადამიანმა ხომ დღევანდელი დღით უნდა იცხოვროს, მთავარია სკამი! მერე რა იქნება ამას რაღა მნიშვნელობა აქვს? სკამია აქ მთავარი, სკამი! ეს თამაშია, თამაში დასწრებაზე, აბა რომელი მიასწრებთ და მოსკუპდებით პრეზიდენტის სავარძელში? ჰა გახალისდით? ჯერ ვერა? რა გაკლიათ სრული ბედნიერებისთვის? მიშას წასვლა? ნურას უკაცრავად! 😛 😀 აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს? შენც ამაზე ფიქრობ? გილოცავ! შენ უკვე ლიდერი ხარ! შენ უკვე ჭეშმარიტი ქართველი პოლიტიკოსი ხარ!

გიტოვებ ქვემოთ ლექსსაც, რა იცი, იქნებ საკუთარი თავიც ამოიცნო, მე კი დაგემშვიდობები დროებით, შევხვდებით მომდევნო სტატიაში! 🙂 “ჩაო!” 😉

***

მე მომერია დიდი სურვილი დავწერო

ჩემი ბიოგრაფია,

პირობას გიდებთ არ ვიქნები ორიგინალური,

ვეცდები ვიყო მორიდებული ზედმიწევნით

და თავმდაბალი,

საუკეთესო ჩემს თვისებებს მიეკუთვნება _

და მის შესახებ მე თვითონ ვიტყვი ორიოდ სიტყვას:

არა ვყოფილვარ არასოდეს რეპორტიორად,

არა ვყოფილვარ ასოთამწყობი,

არ განმიცდია ასოების, ლაქის სუნის და

ახლად გამოსულ გაზეთების არომატი,

არც დიდ ქუჩებში მიმუშავია

ფეხსაცმლის მწმენდავად,

წარმოიდგინეთ აფრიკაშიც კი არ ვყოფილვარ

და ლომიც კი არ მომიკლავს.

და ამის შემდეგ, ალბათ, აღარც

გაგიკვირდებათ,

რომ არ მყოლია მეგობარი

არც კონდუქტორი, არც შოფერი, არც ლოთი, არც შფოთი,

არც ჯიბგირი, არც გოღი, არც ბოზი,

არც მღვდელი, არც ზანგი, არც კომუნისტი,

არც სომეხი, არც რუსი,

არც დანტე, არც უიტმენი, არც ტოლსტოი.

მიყვარდა მხოლოდ ბედისწერა

როგორც ერთობა კაცისა და ბუნების

ყველა კანონების,

მიყვარდა მეფე ოიდიპოს

თავისი ვნებით, თავისი ბედით,

დანიის პრინცის ჰამლეტის ყველა სისუსტეები

და ჩაილდ ჰაროლდის მოწყენილობა.

მიყვარდა ნაპოლეონი თავისი პოზით,

მიყვარდა ჰიტლერი თავისი სიგიჟით

და მიყვარს ლენინი _ რატომ არ ვიცი!?

მიყვარს მწვანე ბალახი თავისი სიჩუმით

და კაცი თავისი ნერვიული ხმით,

წინასწარმეტყველში მიყვარს

მისი კაცური ტანჯვა

და არა მისი წინასწარჭვრეტა.

კაცში არ მიყვარს თავმდაბლობა,

ძაღლში კი ის, რომ ყეფა არ იცის.

მე ვიცი:

ცოცხალ სამყაროს აქვს ორი ხმა:

კაცის და მხეცის.

ო, რუსთაველო, მესხო მელექსევ,

ერთიანი მსოფლიოს

პირველო პოეტო,

ჩემო სამშობლოვ, საქართველო,

მცხოვრებო ცხოვრებით

მთელი მსოფლიოსი.

დიდო სამყაროვ, რატომ გარიყე ის,

ვინც ყველაზე მეტად ცხოვრობს შენით,

გრძნობს შენს თავს, გამოგხატავს შენ,

მღერის შენზე, გრძნობებზე,

ომში ვაჟკაცობაზე,

სიყვარულზე, მეგობრობაზე,

ბრძოლაში მშვიდობაზე,

მღერის ისე, რომ მხოლოდ სოფოკლე

და შექსპირი

იყვნენ ღირსი ქართველობის.

ო, ბედისწერავ, უსამართლო თუ სამართლიანო,

რატომ ტოვებ ჩრდილში

რუსთაველს და საქართველოს,

რატომ? რატომ? რატომ?!

ხომ არ გეშინია შენი თავის?!

აქ არის ყველაზე მეტი პრანჭია,

ყველაზე მეტი უსაქმური, 

ყველაზე მეტი მშიშარა

აქ არ არის კონტრასტი!

აქ არიან მხდალები და ნიჭიერები,

აქ არიან არტისტები ცხოვრებაში,

უიღბლოები ნამდვილ სცენაზე,

აქ არიან უხმო მომღერლები.

დამალეთ, დამალეთ, დამალეთ

ეს ქვეყანა!

გურამ რჩეულიშვილი

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

6 thoughts on “დამალეთ ეს ქვეყანა!!!

  1. ყოჩაღ ნიიიიიინ, ძალიან მომეწონა ეს პოსტი:)))) თან ისეთ აქტუალურ და აღმაშფოთებელ თემას ეხებაა……..

  2. არ მომწონს მე შენი პესიმისტური განწყობა, ყოველთვის მასე არ იქნება და რაც იყო თუ არის ეს მხოლოდ ვიმედოვნოთ რომ დროებითია 🙂

    • გეთანხმები კახი პესიმისტური პოსტი გამომივიდა, ცხელ გულზე დაწერილი. 🙂 თუმცა სურვილი არ მაქვს მსგავსი ლიდერები ყავდეს ჩემს ქვეყანას და ღმერთმა დაგვიფაროს მათ ჩაუვარდეთ ხელში ხელისუფლება. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ მათ სიშტერეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ხალხი ეწირება.

  3. ვოტ ეტა ჭეშმარიტება 🙂 ყელში ამოვიდა ეს ვითომ ქვეყნის სწორ გზაზე დაყენების მცდელობა…

Leave a reply to ninnaka კომენტარის გაუქმება