ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

თბილისის ერთი ძველი უბანი

14 Comments

თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ვცხოვრობ. ამ უბნის სახელი გაგიკვირდებათ და ცოცხლებთან არ ასოცირდება. მას აქვს თბილისში ყველაზე ცნობილი სასაფლაო, ჰოდა მისი ხსენებისას პირდაპირ სასაფლაოს გულისხმობენ ხოლმე. თუმცა, სასაფლაოსთან არსებული ასოციაციების მიუხედავად, უბანში სიცოცხლე თავისებურად, მაგრამ მაინც ჩქეფს. აქ ხალხიც საკმაოდ ჭრელია, თუმცა ამაზე მოგვიანებით. მოდით დავიწყოთ თავიდან:

ქალაქის ცენტრიდან ჩვენი უბნისკენ ამომავალი ერთი აღმართია, რომლის ამოვლისთანავე თვალწინ ახლადაშენებული პოლიციის გამჭვირვალე შენობა დაგიდგებათ, რომელიც პირდაპირ სასაფლაოს მთავარ შესასვლელთან დგას. შესასვლელის გვერდით კი უბნის კოლორიტი და ისტორიული რელიქვია, მისი აღმატებულება, ტანკი განისვენებს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ იქვე ძმათა სასაფლაოა, თუმცა ფაშიზმის წინააღმდეგ თავგანწირვით მებრძოლი ჯარისკაცების გარდა, ამ სასაფლაოზე უბნის “ბობოლებიც” არიან დაკრძალულნი. ამ ქუჩაზე ისეთი სიჩუმეა, ბუზის გაფრენის ხმაც კი ისმის. არ გეგონოთ რომ ამ სამარისებულ სიჩუმეს მოსახლეობა სასაფლაოს უმადლის, აკი გითხარით, აქ ახლადაშენებული, გამჭვირვალე პოლიციის შენობაა წამოჭიმული და მანქანებიც კი ფეხაკრეფით დადიან. ასე გამოიყურება უბნის ცენტრალური ადგილი, რომელიც ყოველ აღდგომის დღესასწაულზე ქალაქის ყველაზე გადატვირთულ ადგილად იქცევა ხოლმე.

მე კი ამ უბნის სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ, იქ სადაც დილის 7 საათიდან კამათლის ჩხაკუნი თუ არა, 8 საათზე მემაწვნის მანქანის გაბმული სიგნალი გაღვიძებს. ეს დალოცვილი ლილოელი ოთარა იმდენს ასიგნალებს ჩემს ფანჯარასთან, სანამ საფუძვლიანად არ გამომაფხიზლებს ხოლმე. “ძალადმაცხონეს” რომ ეძახიან, სწორედ ისაა, იმდენს გისიგნალებს სანამ ერთ ქილა მაწონს მაინც არ გაყიდინებს, მერე კი იმშვიდებს თავის სულს და შენ კი 8 საათიდან სტარტზე გამყოფებს, იმიტომ რომ დღის განმავლობაში სხვა “ძალადმაცხონეების” მოგერიებაც მოგიწევს… მემაწვნის გასტუმრების შემდეგ, დაახლოებით 9-დან 10 სთ-მდე ქუჩაზე “ბაზარი” ჩამოივლის ხოლმე. არ მოგჩვენებიათ, სწორედ “ბაზარი” ვახსენე. მანქანით სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულს დაატარებენ, მათთვის ვისაც ნამდვილ ბაზარში წასვლა ეზარება და მაღაზიაშიც არ აქვს ფართო არჩევანი. თუმცა ეს “ბაზრის” მხოლოდ პირველი შემოტევაა, დღის განმავლობაში კიდევ ორი მოვა. ამის გამო მეზობლის ბავშვმა პირველად სიტყვა “დედა” და “მამა”-ს ნაცვლად “ბაზარი”-ო წამოიძახა და მას მერე უბანს აყრუებს “ბაზარი, ბაზარი”-ო. ამასწინათ “ბაზრის” ერთ-ერთი პირი იყო მოსული, მეც დიდის ამბით გავედი ბადრიჯნის საყიდლად. როდესაც გამყიდველმა მკითხა რა გინდაო, იმდენად ვიყავი აჯაფსანდალის მასალაზე ფიქრით გართული, რომ დაუფიქრებლად მივაძახე აჯაფსანდალი-მეთქი. ამის მერე, ის ჩემი ცოდვით სავსე კაცი, ჩემს ფანჯარასთან ყოველ დილით მოდის და “ბაზრის” მაგივრად, “აჯაფსანდალი”-ო ყვირის. თუმცა ის ერთადერთი არაა, დღის განმავლობაში ზაფხულობით მენაყინე აუცილებლად ჩამოივლის. თეთრი ხალათი აცვია და მხარზე დიდი ყუთი აქვს მოკიდებული, ნაყინებით და ყინულებით სავსე. ერთხელაც გავყავი ფანჯრიდან თავი და მის მორიგ დაძახებას: “მაროჟნი, პლომბირი, სტაკანჩიკი მაროჟნი”-ო, ქიშმიშიანი გაქვს-მეთქი? მივაყოლე. გადაქექა მთელი ყუთი, ამომიწყო ნაირ-ნაირი ნაყინები ფანჯრის რაფაზე, მაგრამ ქიშმიშიანი არ აღმოაჩნდა. ესეც ჩემი ბედი… დამპირდა ხვალ აუცილებლად მოგიტანო და პირობაც შემისრულა, მაგრამ იმ დღის შემდეგ, მის ტრადიციულ შემოძახილს, ჩემს ფანჯრებთან მოახლოებასთან ერთად “ქიშმიშიანი მაროჟნი” ემატება.

კვირაში ერთხელ აქ მეცოცხეც ჩამოივლის, ქურთი კოშა. იმხელა ხმაზე დაიყვირებს ხოლმე:

“ზოსხი, პოლისჯოხი”-ო, რომ სახლის ფანჯრები ზანზარს იწყებს. ამასწინათ ერთ ჩემს მეზობელსა და კოშას შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

_ რა ღირს ცოცხი?

_ 5 ლარი!

_ 5 ლარი რა ამბავია კოშა? მიდი 3.50 მომეცი.

_ ეე, ხაზაიკა-ჯან, 4 ლარი თითონ მიეცი და შენ სამნახევრად როგორ მოქცე?

_ კაი კოშა იყოს 4, ჯანი გავარდეს!

_ ეეჰ, ხაზაიკა-ჯააან, შენ ეტყობა შრომა არ იცი, მე 4 ლარი მიეცი, შენ 4 ლარი მომცა, მე რაღა დამრჩეს?

_ კარგი კოშა იყოს 5 ლარი, შენმა ეშმაკმა აჯობოს ჩემსას, მაგრამ იცოდე! თუ მალე გაფუჭდა უკან უნდა მოგცე, მაგ 5 ლარსაც უკან დამიბრუნებ და შენ ამ ქუჩაზე ვეღარ გამოივლი!


_ ხაზაიკა-ჯააან… შენ რაღაცა… ხო იცი… – ჩაიხითხითა კოშამ. – მე  კოშა არ მერქას, შენ ეს ზოსხი არ მოგეწონოს.

_ მიდი კოშა ყველაზე დიდი და გრძელი მომეცი.

_ ვაჰ, დიდი და გრძელიო, ეეე… – კოშამ ატოლა ეს ცოცხები ერთმანეთს,ატო

ლა და ამდენ თანაბარ ცოცხში ძლივს აღმოაჩინა ოდნავ გრძელტარიანი. – აჰა ხაზაიკა-ჯან, ყველაზე გრძელია.

ქალმა ახედ დახედა ცოცხს, მერე კოშას გადახედა, თითი დაუქნია, თითქოს ანიშნა: “აბა ერთი ვნახოთ რამდენ ხანს გაძლებს”-ო და სახლში შებრუნდა.

მისი სახლში შესვლა და უბნის ქალთა ბირჟის გამოშლა ერთი იყო. დამავიწყდა მეთქვა, უბანში ორი დიდი ე.წ. ბირჟაა, კაცების და ქალების. გზაჯვარედინზე ზაფხულობით კარგი ნიავია, ოთხი მხრიდან უბერავს სიო და საღამოობით აქ ქალბატონები იყრიან ხოლმე თავს. მტრისას ამ დროს იქ გაიარო, თმის წვერიდან ფეხის ფრჩხილამდე განხილული ხარ. რა თემას აღარ მოკრავ ყურს, ქმრიდან დაწყებული  სკაიპი-ოდნოთი დამთავრებული.

მათგან განსხვავებულია მამაკაცთა “ბირჟა”, რომელიც დილის 7 საათიდან არის გამოშლილი და შესვენება მხოლოდ შუადღის 3-დან 4სთ-მდე აქვთ. ამ დროს მათი მაგიდა და სკამები ისე ობლად გამოიყურება, შეიძლება გულიც აგიჩუყდეს და შეგებრალოს. ქალებისგან განსხვავებით ამვლელ-ჩამვლელი სულ არ აინტერესებთ, ისე არიან ნარდის ან დომინოს თამაშში გართულები. თუმცა რომც აინტერესებდეთ კიდეც, გარშემო იმდენი მაყურებელი ახვევიათ ქუჩა საერთოდ აღარ ჩანს, ზემოთ ახედვისას ცასაც კი ძლივს შეამჩნევ იმდენი თავი დაჰყურებს სათამაშო დაფას. ხან ისეთ აზარტში შედიან, რომ დროის სვლას ვეღარც აკონტროლებენ და ამასწინათ თავზეც კი დაათენდათ, დილით ფანჯრიდან რომ თავი გავყავი, ამოღამებული თვალებით, იგივე შემადგენლობით და იგივე სამოსით გაქაფულები ისევ კამათელს აგორებდნენ. მერე გავიგე თურმე ჩხუბიც მოუსწრიათ, მოწინააღმდეგე მხარე ქვებს იპარავდაო და… მერე თქვენ მათი ჩხუბი არ იცით, რუსულ-სომხურ-აისორულ-ქურთულად მიყავთ დიალოგი, ლანძღვა-გინება ქართულად… ეტყობა ქართულად უფრო ეფექტურად ჟღერს… 😀 არ გეგონოთ რომ ეს ჩხუბი 15 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდეს, ან მას მერე ვინმეს გულში ხინჯი დარჩეს, ისევ ძმებად რჩებიან და ერთმანეთის ჭირს ჭამენ.

როგორც ყველა უბანს, ჩვენს უბანსაც ყავს რამდენიმე გამორჩეული მკვიდრი. ასე მაგალითად, ხშირად შეხვდებით მამაკაცს, საკმაოდ მაღალს, ჭაღარაშერეულს, ზამთარში მუდამ გრძელი ლაბადით, ზაფხულში კოსტუმით და პოლიტიკაზე საუბრობს. საუბრობს ყველგან, უბანში, ავტობუსში, სახლში, მაღაზიაში, დიდთა, პატარასთან… ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილოა, მისი მოსაწონი პოლიტიკოსი დედამიწაზე ჯერ არ შობილა და თავისი დამტვრეული ქართულით ყველას და ყველაფერს აკრიტიკებს. მიუხედავად მისი ასირიული წარმომავლობისა, თავს მაინც ქართველად მიიჩნევს, ჩვენს ქვეყანას 4 ქართველ შვილიშვილს უზრდის და ამაყობს საქართველოს ისტორიით.

მაშინ, როდესაც ეს ბატონი გაცხარებულ პოლიტიკურ კამათშია, ერთი გამხდარი ქალბატონი ქუჩის ერთ-ერთი ჭიშკრიდან გამოყოფს ხოლმე თავს, გაიხედავს ჯერ მარცხნივ, მერე მარჯვნივ და სადაც ორზე მეტ ადამიანს დაინახავს თავმოყრილს იქით გაემართება. ჯერ მათ საუბარს მოუსმენს, მერე თავის აზრს გამოთქვამს მოცემულ თემაზე, შემდეგ კი მოხერხებულად საუბარს პოეზიაზე გადაიტანს, დაიწყებს ლექსების კითხვას და იეთიმ გურჯიდან საკუთარ ლექსებზე გადავა. ისე შეიჭრება როლში, რომ მალე ყველა ავიწყდება ვინც გარშემო დგას. ნანატრი კომპლიმენტების მოსმენის შემდეგ კი ისევე სწრაფად ქრება, როგორც ჩნდება.

საღამოჟამს, უკვე ძილისპირულზე, ქალთა ბირჟაზე რომელიმე გონებამახვილი სიტყვას წამოისვრის ხოლმე, მეძინებაო და ბატკნებივით დანარჩენებიჩ მიჰყვებიან. კაცები კი ისევ აგრძელებენ დომინოს ჭახუნს და კამათლის გორებას, მხოლოდ ღმერთმა უწყის როდის ისურვებენ ისინი აშლას.

მომდევნო დღე კი ისევ ისე, კამათლის ჩხაკუნითა და მემაწვნის მანქანის გაბმული სიგნალით გათენდება…

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

14 thoughts on “თბილისის ერთი ძველი უბანი

  1. ჩემი ქალაქის კიდევ ერთი ულამაზესი პორტრეტი შექმენი! ძალიანლამაზია! გაიხარე! :*

  2. მოკლედ,ყველა უბანს აქვს ორი რამ საერთო–დომინოს მოთამაშე კაცები და ჭორიკანა ქალები 🙂

  3. me safuzvelshive gitxari jurnalistikaa sheni profesiuli alter ego da ara iurisprudencia gogoni:))) da me ratom megona rom varketilshi cxovrobdi :O

    • ზვიკ შემოიჭყიტე ჩემს ბლოგზე? :)) ძალიან გამახარე. :)) ჩემი ჟურნალისტობა-იურისტობის და კიდევ მრავალი პროფესიული ინტერესების საკითხი ცალკე თემაა და მთელი ფილოსოფია, ამიტომაც აღარ ვუღრმავდები მაგ საკითხს :))) საცხოვრებელზე კიდე პირადში მოგწერ 😛 😀

  4. აუ რა კარგი პოსტია ❤

  5. agvprtovandiii:))) ajapsandali magari iyo:D<3:*:*:*:*

  6. kukia tu aseti lamazi ikneboda magas ver warmovidgendi :))) nuc marto shen shegidzlia mag ubnis ese aghwera 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s