ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

მიწა

6 Comments

Photographer Ninnaka

დღეს რაღაც გამოთბა. ბებერი ძვლები გავშალე და ნელ-ნელა ვცადე ფეხზე ადგომა. ფანჯრიდან მზის სხივმა შემოანათა დილით და მეც თავი ისევ ახალგაზრდად ვიგრძენი. გარშემო ყველა მიმტკიცებს, დაბერდი და არაფრის თავი აღარ გაქვსო. ნუთუ მართლა ასე დავჩაჩანაკდი?

ნელ-ნელა ჩავიარე კიბის ათი საფეხური და ეზოში ჩავედი. მიწაზე უკვე გაყვითლებული ფოთლები ეყარა და ხეც გატიტვლებულა, ჩემი გულაბი… რამდენი წელია ვუვლი და მაინც მატკბობს თავისი ნაყოფით. მივუჯექი გვერდით და დავიწყეთ ჩვეული საუბარი. დიდი ხანია ხმა არ გამიცია მისთვის, ალბათ ორი კვირაა. იმედია მაპატიებს და ისევ ისე გაიშრიალებს როგორც სჩვევია. ტანზე კორძები ამოსვლია და ფესვები მიწიდან ზემოთ ამოუყრია. ნეტა აქამდე რატომ ვერ შევამჩნიე? თუმცა არ მიკვირს, არც მას სურს აღიაროს თავისი სიბერე, ჩემი შვილის თქმის არ იყოს ეს ხე ნელ-ნელა მე მემსგავსება, ჩემსავით იხრება წელში და ნაოჭდება, ჩემსავით ამოსდის გვერდებზე კორძები, როგორც მე ხელებზე.

მზე შუბის ტარზე გადმოვიდა და პირდაპირ თავზე დამანათა. სხივმა დამიარა მთელს ტანში და ძალა მაგრძნობინა. ძალა რომელსაც აქამდე არ ვაფასებდი და ახლა ასე სანატრებელი გამიხდა. მზის სხივმა ფოთლების მიღმა თამაში დაიწყო და ნიავმაც მას ხელი შეუწყო. თვალებზე მომელამუნება და ისევ მიიმალება ყვითელ ფოთლებში. დახუჭობანა ვითამაშოთ? გავუცინე და თითქოს მანაც გამიცინაო კიდევ მომეფერა თმებზე ნიავთან ერთად. რა კარგი სუნი დგას, მიწის სუნი ვიგრძენი და დაბლა დავიხედე. ფოთლებს შორის მისი პატარა ნაგლეჯი მოსჩანდა და თვალები დავხუჭე. არ მინდა რომ დავინახო. ვიცი მალე მოვა ამის დროც და სულ ერთმანეთის ყურება მოგვიწევს, ჰო და არ მინდა წინასწარ მოვაბეზრო ზედმეტი ინტერესით თავი. ჯობს ისევ ზემოთ ავიხედო, ცაში, საიდანაც მზე მიყურებს და იმედს მაძლევს რომ ხვალ ისევ ამოვა, ისევ ამოვა ჩემთვის და ისევ გამეთამაშება თმაზე. ვუყურებ ჩემს ბაღს და მგონია რომ ჩემსავით ჭაღარავდება, უტიტვლდება ტოტები და ბერდება, ბერდება და უნდა რომ მეც დამაბეროს ზამთარივით, უნდა რომ მეც დავიძინო ჩემი გულაბივით რომელიც ვერაფრით გამოვაღვიძე. მე ხომ მხოლოდ ერთი სიტყვა მინდა მას ვუთხრა, მინდა ვუთხრა რომ მიყვარს და ჩემს სახებად დარჩეს ჩემი წასვლის შემდეგ, მაგრამ არა. ტოტსაც კი არ აშრიალებს, მანაც დამივიწყა…

ცას ავხედე და მზე თვალის კვრით მემშვიდობება. როგორ არ მინდა რომ ჩახვიდე, როგორ არ მინდა რომ დამტოვო მარტო სიბნელეში, სიცივეში, როგორ მინდა რომ შენი ერთი სხივი მაინც დამიტოვო… მაგრამ შენ ხომ ეგოისტი ხარ… მთელი სითბო შენთვის გინდა…

_ პაპა, პაპიკო, პაპა…

ეს ჩემი პატარა გოგოა, ჩემი ნუციკო, ჩემი სუნთქვა. როგორ მინდა სასწრაფოდ ავდგე და შევეგებო, ავდგე და ჩავეხუტო ჩემს სულს და გულს. რატომ არ მემორჩილება ფეხები, რატომ არ შემიძლია ამოვისუნთქო…

ვერ გიტან მიწავ, ჩემო გამჩენო და ჩემივე მშთანთქველო!

არ მინდა შენი სუნის შეგრძნება! არ მინდა შენი დანახვა!

_ დედა, დედიკო! პაპა მიწაზეა წამოწოლილი. პაპა, პაპა!

ქალმა მამას დახედა. მოხუცს ხელი გულაბის პატარა ყლორტისთვის მოეკიდა და თვალები დაეხუჭა…

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

6 thoughts on “მიწა

  1. რა ლამაზი პოსტია ^^

  2. რა სევდიანი იყო,რა კარგი იყო 🙂

  3. რას გვიშვება ეს “აკადემიური წერა”… რას არ გაფიქრებინებს… რას არ გაგაკეთებინებს… რას არ დაგაწერინებს… 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s