ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

როგორც ქრომატიული გამა

2 Comments

თავი ბალიშის ქვეშ მაქვს შეყოფილი, ძილიდან წვიმის ხმამ გამომიყვანა, ფანჯრის რაფაზე რაღაც საინტერესო კომპოზიციას თხზავდა და ჟოლობში მთელი სისწრაფით ქრომატიული გამასავით მიედინებოდა. ფანჯრიდან სასიამოვნო სიგრილემ შემოაღწია ოთახში. ბალიშის ქვემოდან ცხვირი გამოვყავი და მზერა გამოვაპარე, გარედან შემოვარდნილი ქარი ფარდას ჭერამდე წევდა, წვიმის წვეთებიც ჩემამდე აღწევდა და ისე მსიამოვნებდა, ადგომა და ფანჯრის დახურვა აზრადაც არ გამივლია. რამდენიმე წუთში დედამ შემომიღო კარი და სასწრაფო წესით მიმიხურა ფანჯრები, ფარდები გაასწორა და ოთახიდან გავიდა. გატრუნულმა თავი მოვიმძინარე და ახლა დახურულ ფანჯრებში გავაგრძელე წვიმაზე დაკვირვება.

ფანჯრიდან ჩემი მეზობლის აკაცია მოჩანს, ვეებერთელა, მაღალი ხე, ულამაზესი გაშლილი ტოტებით, რომელიც ზაფხულობით სასიამოვნოდ მიჩრდილავს ხოლმე ოთახს. ეს ხე ნამდვილად ასაკით ჩემზე გაცილებით დიდია, რაც თავი მახსოვს ყოველთვის უზარმაზარი იყო და მას შემდეგ ჩემთან ერთად იზრდება სიმაღლეში, მე კი შევწყვიტე, მაგრამ ის განაგრძობს და ადამიანის თვითგანვითარების მუდმივ პროცესად წარმომიდგება. გვერდზე ჩემ საყვარელ ჭანჭურს შევავლე თვალი. ორივე ხე ფანჯრის მინაზე მცოცავ წვიმის წვეთების ფონზე საინტერესოდ იკლაკნებოდა და შრიალებდა.

არც მიფიქრია ბალიშის ქვემოდან თავის გამოყოფა, ისმდენად დიდი კომფორტია ეს ჩემთვის, რომ ამაზე ფიქრიც კი არ მომეკარებოდა.

აზრები მიმოიფანტა, მოიარა საქმიანი, სასწავლო და პირადი სფეროები. გაიხსენა რამდენიმე სასიამოვნო წამი და სასიამოვნო ჟრუანტელი მომგვარა, გამათბო და გამაღიმა. ახლა უკვე ხეებს ვეღარ ვხედავდი, სხვადასხვა სახეები მედგნენ წინ და მათ შორის ერთს ჯიუტად არ ვაშორებდი თვალს. ვაკვირდებოდი მის თითოეულ ქცევას, მიმიკას, ჟესტს, ვუსმენდი თითოეულ სიტყვას და ვდგამდი თითო-თითო ნაბიჯს მის გონებაში შესაღწევად, მისი ფიქრების მიმართულების გასარკვევად. თითქოს რაღაც ჯაჭვიც შევკარი, ნელ-ნელა თითო რგოლს ვამატებ და ვცდილობ დასკვნაც გამოვიტანო…

_ ნინიკო, გღვიძავს?

ეს ჩემი ბებოა, ნინაჩკა! რომელსაც ყოველთვის ”საჭირო” დროს ვახსენდები ხოლმე. 🙂

გასუსული ხმას არ ვიღებ, ვითომ მძინავს…

_ კაი ნინიკო, ვიცი რომ გღვიძავს, გადმობრუნდი რამე მინდა გკითხო…

”ოხ ნინუცა, შენ ხომ კაცს არ მოასვენებ თავის ნებაზე…”

_ ხო ბები, აბა გისმენ…

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

2 thoughts on “როგორც ქრომატიული გამა

  1. ლამაზი სურათია, პოსტი სასიამოვნოდ იკითხება მითუმეტეს რომ ვგიჟდები წვიმაზე 🙂 ლამაზად აღწერ გარემოს!!

Leave a reply to ninnaka კომენტარის გაუქმება