ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


დატოვე კომენტარი

ცის კარი

ისეთია მთვარე… რომ შეხედავ, გაბადრულიაო იტყვი… აი თურმე რატომ ეძახიან ასეთ სავსე მთვარეს “ბადრ მთვარეს”.

ისეთია, უფლისწულს გავს. თითქოს სხივების გვირგვინი ადგას თავზე და უფრო მეტად ბრწყინავს ამით.

უხდება ფანჯრის სარკმელს, ადამიანად აღიქვამ.

აი, თითქოს თვალებიც აქვს, ცხვირიც და პირიც.

უფლისწულია, ღამის უფლისწული. სახით ოდნავ ჩემსკენ გადმოხრილი. უყურებს ზემოდან შემოგარენს და დედამიწას კოლიზეუმად აღიქვამს. მოსასხამად ზურგს ერთი ღრუბელი უფარავს, ხოლო ფიანდაზად ფერხთით მეორე აქვს გაგებული. მის პატივსაცემადაა ცა გაწმენდილი, სარკესავით ირეკლავს დედამიწას და ზემოთ, უსასრულობაში იმეორებს. იმეორებს და ბუმერანგივით აბრუნებს უკან თითოეულ ქმედებას.

მოდის უფლისწული და მასთან ერთად მხევლებიც მოაპობენ ცის კარისკენ მომავალ გზას.

უყურებ და ხვდები რომ დედამიწა მართლა მრგვალია, მრგვალია კოლიზეუმივით, ტახტზე კი უფლისწული ბადრი ზის. ზის და უყურებს ყველაზე გულახდილ სპექტაკლს, რომელსაც “ღამე” ქვია. ფიქრებით გულახდილი, ქმედებით გულახდილი, საკუთარ თავთან შიშვლად დარჩენილი ღამე…

მხევლებს უკან არმია მოსჩანს, წვრილვარსკვლავთა არმია. რაც უფრო ახლოსაა ცის კარი, მით უფრო მკვეთრად ხილული ხდება თითოეული ჯარისკაცი.

კოლიზეუმში სპექტაკლი დასასრულს უახლოვდება. “ღამე” სრულდება, ცის კარს დედოფლის სხივი სწვდა. ხილული ხდება თითოეული ჩრდილი.

უფლისწული ცის კარში იკარგება…

დედოფლის ჯერია…

გათენდა…