ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


დატოვე კომენტარი

Remembering

ცხელი ჩაი, თბილი ოთახი და ტკბილი, მშვიდი Jazz, რომ გაბრუებს და ფიქრებში გითრევს, აი ისეთი ძალიან ფაფუკი, რბილი და პიკანტური მელოდია, სიგარეტის კვამლივით რომ გეხვევა გარს და ფეხებიდან თმის წვერამდე გელამუნება. ისეთი გულს რომ ეხება და სულის სიღმეებში აღწევს.

ეს ის ტკბილი მელოდიაა გონებაში კადრებს რომ აცოცხლებს და სურვილს გიღვიძებს გაიმეორო, ეს ის ბგერებია რომ გაიძულებენ გაიღიმო, საკუთარ თავს გაუღიმო და კიდევ… შემდეგ თვალები დახუჭო და ისევ იმაზე იფიქრო რაც ასეთ “უმიზეზო” ღიმილს გგვრის. სურვილს გიღვიძებს ისევ მოკრა ყური იმ ხმას, უსმინო და გათბე მისი სიძლიერით.

კონტრაბასის ხმა ფონად ისევ გუგუნებს, ზუსტად ისე როგორც ის. სიმყუდროვის შეგრძნებას გიორმაგებს და თვალის გახელის სურვილს გაკარგვინებს. გინდა რომ ჩაიკარგო იმ ბგერებში და ისეირნოთ სანოტო რვეულზე აკორდებთან ერთად, ჩუმად, ხმის ამოუღებლად, მხოლოდ სიმშვიდის მელოდია ისმოდეს ფონად.

Avishai Cohen Trio – Remembering
Advertisements


4 Comments

როცა აკორდები კადრებად იქცევა

როცა აკორდები კადრებად იქცევა…

მოსვენებას ვკარგავ, ვგრძნობ სისხლი როგორ მიდუღს და სადაცაა ორთქლმავალივით კივილს დაიწყებს ჩემი ყურები, ისე, როგორც მულტფილმებშია.

იკივლებს და შემდეგ კივილს მელოდიის რითმს ააყოლებს.

ერთი  ორი  სამი…  ერთი  ორი  სამი…

ნაბიჯი წინ, ნაბიჯი მარჯვნივ, პარტნიორს მიყევი…

ჩრდილები ცეკვავენ.

გიტარა ლამაზად ახვევს აკორდებს.

აივნიდან გადმომდგარი შავგვრემანი, ხუჭუჭა ქალი თმაში წითელ ორქიდეას ისწორებს.

მზის სხივი სხეულის თითოეულ ნაკვთს აშუქებს.

გიტარისტის წინ, ასფალტზე, ქალის ჩრდილი ცეკვავს… ვნებიანად… გამალებით…

ხელის ერთი მოძრაობა ზემოთ, მარჯვნივ… მეორე ქვემოთ, მარცხნივ…

კაბა ირხევა ქარის დაბერვაზე, ქალის სილუეტს იმეორებს…

სიმები იხლართება და სანოტო რვეულზე რითმულ ზიგზაგებს ხატავს.

ჩრდილი აკორდებს მიყვება, რითმულად, ფეხის აწყობით…

ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან…

ერთი  ორი  სამი…  ერთი  ორი  სამი…

რითმი სისხლში დუღს, მოსვენებას გიკარგავს. ვრცლად