ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


6 Comments

მიწა

Photographer Ninnaka

დღეს რაღაც გამოთბა. ბებერი ძვლები გავშალე და ნელ-ნელა ვცადე ფეხზე ადგომა. ფანჯრიდან მზის სხივმა შემოანათა დილით და მეც თავი ისევ ახალგაზრდად ვიგრძენი. გარშემო ყველა მიმტკიცებს, დაბერდი და არაფრის თავი აღარ გაქვსო. ნუთუ მართლა ასე დავჩაჩანაკდი?

ნელ-ნელა ჩავიარე კიბის ათი საფეხური და ეზოში ჩავედი. მიწაზე უკვე გაყვითლებული ფოთლები ეყარა და ხეც გატიტვლებულა, ჩემი გულაბი… რამდენი წელია ვუვლი და მაინც მატკბობს თავისი ნაყოფით. მივუჯექი გვერდით და დავიწყეთ ჩვეული საუბარი. დიდი ხანია ხმა არ გამიცია მისთვის, ალბათ ორი კვირაა. იმედია მაპატიებს და ისევ ისე გაიშრიალებს როგორც სჩვევია. ტანზე კორძები ამოსვლია და ფესვები მიწიდან ზემოთ ამოუყრია. ნეტა აქამდე რატომ ვერ შევამჩნიე? თუმცა არ მიკვირს, არც მას სურს აღიაროს თავისი სიბერე, ჩემი შვილის თქმის არ იყოს ეს ხე ნელ-ნელა მე მემსგავსება, ჩემსავით იხრება წელში და ნაოჭდება, ჩემსავით ამოსდის გვერდებზე კორძები, როგორც მე ხელებზე.

მზე შუბის ტარზე გადმოვიდა და პირდაპირ თავზე დამანათა. სხივმა დამიარა მთელს ტანში და ძალა მაგრძნობინა. ძალა რომელსაც აქამდე არ ვაფასებდი და ახლა ასე სანატრებელი გამიხდა. მზის სხივმა ფოთლების მიღმა თამაში დაიწყო და ნიავმაც მას ხელი შეუწყო. თვალებზე მომელამუნება და ისევ მიიმალება ყვითელ ფოთლებში. დახუჭობანა ვითამაშოთ? გავუცინე და თითქოს მანაც გამიცინაო კიდევ მომეფერა თმებზე ნიავთან ერთად. რა კარგი სუნი დგას, მიწის სუნი ვიგრძენი და ვრცლად

Advertisements


%(count)s კომენტარი

პაპა

ბაღში პაპას დარგული მწვანე ვაშლის ხე იდგა. ჯერ სულ მთლად პატარა. იმ ზაფხულს პირველად მოისხა ნაყოფი, სულ ორი ცალი. მახსოვს პაპამ დამიძახა, ჩქარა ამოირბინეო. მეც პაპასერთა გოგომ სულმოუთქმელად ავირბინე კიბეები ბაღისკენ, შევირბინე ბაღის კარებში და თვალებგაბრწყინებული შევაჩერდი პაპას, რომელსაც ნასიამოვნებ სახეზე ღიმილი უთამაშებდა, უყურებდა ხეს და მეც ვხვდებოდი რომ მისი ეს სიხარული სწორედ მასთან იყო დაკავშირებული.

– მოდი პაპა რა გაჭამო…

მეც სასწრაფოდ მივუცუცქდი, როგორც ბარტყი დაუღებს დედაჩიტს ნისკარტს, მეც ისე დავაღე პირი. ახლაც მახსოვს იმ ვაშლის გემო, თან პაპას ხელით მოწვდილი ყოველთვის უფრო მეგემრიელებოდა. მიყვარდა მისი მოხუცი ხელები, რომელიც სიბერისგან უკანკალებდა და საოცარ სითბოს ასხივებდა. დიდი ხელები ქონდა, გრძელი და ლამაზი თითები. მაღალი იყო და დიდი, როცა კალთაში ჩავუსკუპდებოდი მომხვევდა ხოლმე ხელებს და მელაპარაკებოდა, მეც მისი გულისცემა მესმოდა და მშვიდად ვგრძნობდი მასთან თავს. საწერი მაგიდის უჯრაში ჩემთვის ყოველთვის შოკოლადები და კამფეტები იყო შენახული, ბებომ რა თქმა უნდა არ იცოდა, მისვლისთანავე მომკიდებდა ხოლმე ხელს და სასწრაფოდ შემარბენინებდა კაბინეტში, გამოაღებდა უჯრას და ჯიბეებს კამფეტებით მივსებდა, იცოდა რაც მიყვარდა და რაც მიხაროდა… სულში მეჯდა, გულში მყავდა ჩაკრული, ისევე როგორც მას მე. ბაღი უყვარდა, უვლიდა როგორც თავის შვილს, მეც სულ მის გვედით ვიყავი, მეც მიყვარდა ის ბაღი, ახლაც მიყვარს, მაგრამ უკვე პაპას გარეშეა დარჩენილი.

იმ წელს პაპა ცუდად გახდა. ფეხზე ვეღარ დგებოდა, ბაღმაც მოიწყინა უიმისოდ. ნოემბერი იყო როცა პაპას უკანასკნელად ველაპარაკე, სიცხე მქონდა, თითქოს ვგრძნობდი რომ ეს უკანასკნელად ხდებოდა და ცრემლები წამომცვივდა. მეორე დღეს კი დარეკეს და …

იმ დღესაც ავედი და ვაშლის ხე ვეღარ ვნახე. მოუჭრიათ…

აგერ უკვე მეცხრე წელია საშინლად მენატრება. მისი ხელების სითბოს კი ლოყაზე დღემდე ვგრძნობ…