ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


დატოვე კომენტარი

Refresh / Restart

by Bill Mayer

ისევ აბდაუბდა თემით დავბრუნდი და არც კი ვიცი რას დავარქმევ ამ პოსტს, მაგრამ ფაქტია, როგორც კი გავხსენი სამუშაო პანელი, თავი ნავსაყუდელში ვიგრძენი. ხანდახან მგონია რომ ესღა დარჩა იმ ნინოსგან, რომელმაც ეს ბლოგი შექმნა. რაც მეტი დრო გადის პანდემიის დაწყებიდან მით ხშირად ვფიქრობ იმაზე ვინ ვიყავი წლების წინ, რა მიყვარდა, როგორ აღვიქვამდი მოვლენებს, რა დამოკიდებულებები მქონდა ამა თუ იმ საკითხზე და ვინ ვარ ახლა… რა მინდა, რისკენ მივდივარ და საერთოდ აზრი სადაა ცხოვრების. ხო, ვიცი შევიჭერი და შევცურე ფილოსოფიებში, მაგრამ დღეს, როცა ისევ იძულებით შვებულებაში ვარ, საკუთარ თავთან ერთად სეირნობისას ვიგრძენი რომ მენატრება წლების წინანდელი ნინო. ვიჯექი ჩემთვის მარტო, ქარში, კაპიშონწამოხურებული და ვეძებდი ჩემ შიგნით იმ გოგოს რომელიც მარის სიკვდილის შემდეგ სადღაც გაქრა, ან დაიმალა, ჩაკეტა ყველა და ყველაფერი სადღაც, გულის კუნჭულში და ცოცხალი თავით არ აღებს. ხანდახან გამოყოფს ხოლმე თავს, მაშინ როცა მარტო ვარ, თითქოს მეუბნება მე ისევ ვარსებობო და მერე ისევ იმალება.

ალბათ, უცნაური იყო, შორიდან, ქარაშოტში სკვერის სკამზე მჯდომარე გოგოს ხილვა, მაგრამ ამ გოგოს ძალიანაც მოსწონდა საკუთარ თავთან და ქართან იდილიაში ყოფნა, ყურში სასურველი სიმღერა ესმოდა და ქარიან ჰორიზონტს ისე გაყურებდა, თითქოს ყველა დეტალს აკვირდებაო, აქაოდა რამე არ გამომრჩეს პეიზაჟიდანო. სინამდვილეში კი საკუთარ თავს ეძებდა, კუთხე –კუნჭულ ამოწმებდა სადმე ხომ არ დაიკარგა, არის თუ არა ისევ იქ, თუნდაც უმეტესწილად მდუმარედ, მაგრამ იქ, სადაც მისი ადგილია…

შეიძლება ასაკის მატების ბრალია ასეთი ფიქრები, არ ვიცი, მაგრამ რაც მეტი დრო გადის, მით ხშირად ვფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენგანს სჭირდება საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, თუნდაც ერთი საათით, საყვარელი მუსიკის, ან სულაც ქარის მოსმენა რომ იპოვოს პასუხი კითხვაზე – ვინ ვარ მე? ან – ისევ ვარ “მე” თუ შეიცვალა რამე? ქარმა უფრო იცის პასუხის გაცემა ასეთ დროს, უფრო მარტივად გესმის საკუთარი “მე”–ს ხმა და აი აქ ხდება გადატვირთვა, ახალი ენერგიით გონების და გულის შევსება და სიმსუბუქის შეგრძნება. მერე მოდის ღიმილი, ავტომატურად. იწმინდები ნეგატიური ფიქრებისგან და ჰოპ! დაცვის თანამშრომელი მოდის და ღიმილიანი სახით გეუბნება დაიკეტა სკვერი, სულ კარგად ბრძანდებოდეო! :)))

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ გადატვირთვა წარმატებით დასრულდა, საკუთარი თავის მოძიებით, ხელის ჩამორთმევით და ძველი, სასიამოვნო ჩვევების გახსენებით.

კომპანიონობისთვის მადლობა ქარს! :))

საკუთარ თავთან იდილიას გისურვებთ,

სიყვარულით,

თქვენი ნინაკა!