ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

მ ო კ ლ ე ს . . .

13 Comments

საშინელი ხმა ისმოდა… ქუჩებს აყრუებდა ავტომატის ჯერი და რუსის ყიჟინა… ირგვლივ კვამლი იდგა, ფანჯრები შემურულიყო და მზის სხივი ოთახში აღარ აღწევდა… ან კი ჩანდა მზე? ცა რუხ კვამლს დაეფარა, დიდი ღრუბელივით მოსდებოდა და ცის ფერს გვავიწყებდა…

ოთახიდან ფეხს არ ვიცვლიდი, დედაჩემი კი საშინლად მოთქვამდა. მეხვეწებოდა წავყოლოდი, სად? თვითონაც არ იცოდა, მთავარი იყო იმ ადგილს გავცლოდით.  ქუჩიდან კვნესის ხმა შემოდიოდა და რუსის უწმაწური დიალოგი. ყოველი აფეთქებისას კორპუსი ხუხულა კოშკივით ტორტმანებდა და თავს ძლივს იმაგრებდა. მიკვირს როგორ გაუძლო ამდენს, დღესაც მყარად დგას… მორიგი აფეთქების ხმაზე დედა მომვარდა, ჩამავლო მკლავში ხელი, ჩემი ძალით გაყვანა უნდოდა… სად უნდა წავსულიყავი? რუსს გავქცეოდი საკუთარი სახლიდან? ეს ხომ აფსურდი იყო. მოსულიყო თვალი თვალში გაეყარა და თუნდაც ადგილზე ჩავეცხრილე, ჩემთვის სულ ერთი იყო. ვერ გავიქცეოდი და ვირთხასავით “მშრალი ადგილის” ძებნას ვერ დავიწყებდი, მე ვირთხა არ ვარ! საოცარ ძალას ვგრძნობდი, მზად ვიყავი თავი გამეპო ნებისმიერისთვის ვინც ჩემს ახლობლებს ზიანს მიაყენებდა… სახლში უკვე დედაჩემის გოდება ისმოდა, მიზეზი? მე ვიყავი… ერთადერთი შვილი თავის გადარჩენაზე არც კი ვფიქრობდი.

ღია კარში მაღალი, ახალგაზრდა კაცი შემოვიდა. მალევე გავაცნობიერე რომ რუსის ფორმა ეცვა და მაშინვე ყვირილი ავტეხე, გავიწიე კიდეც. მინდოდა საკუთარი ფრჩხილებით გამომეღადრა ყელი იმ ყველაფრისთვის რაც ჩვენს თავს ხდებოდა, ასე მაინც ამოვიყრიდი მთელს ბოღმას და ჯავრს, მთელს თუ არა გულზე ცოტა ხნით მაინც მომეშვებოდა. დედაჩემმა დამიჭირა… არც კი ვიცი საიდან ეყო იმდენი ძალა, იმ წუთში კი მეგონა კლდეს ჩამოვანგრევდი…

რუსმა გატეხილი ქართულით მომმართა:

– მშვიდად, მეგობარი ვარ.

ვერც კი გავაცნობიერე რომ ქართულად დამელაპარაკა ისე მივახალე პირში:

-გეტყობა რგორი მეგობარიც ხარ. ქუჩაში გაიხედე…

ჯარისკაცი დედაჩემს მიუბრუნდა:

– ადექი, მე გაგიყვანს.

დედა გაკვირვებული უყურებდა. მაშინღა გავაცნობიერე რომ ეს რუსის ჯარისკაცი ქართულად მეტყველებდა. მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი, ვილანძღებოდი, ან საიდან ამომეტია ამხელა ხმა და ამდენი სალანძღავი სიტყვა… არ ვიცი…

– წამოდი. – და მაჯაში ჩამავლო ხელი. რაც ძალი და ღონე მქონდა ვუძალიანდებოდი, მუშტებს ვიქნევდი, მაგრამ ამაოდ, ტომარასავით ზურგზე მომიგდო და  კარებისკენ წავიდა.

მაშინღა მომესმა დედას ყვირილი:

– სად მიგყავს!

– გაგიკვანთ, მოდი… – ეს იყო რუსის სიტყვები.

მაშინ შევწყვიტე ხელფეხის ქნევა. მივხვდი აზრი აღარ ქონდა, იმასაც მივხვდი რომ არავის მოკვლას და მოტაცებას არ აპირებდა.  ხმის ამოუღებლად მოსდევდა დედა ჯარისკაცს. მე ისევ მის მხარზე ვიყავი მოგდებული, ახლა უკვე გაჩუმებული და ძალა გამოლეული. არ ვიცი რატომ მაგრამ ამ უცნობ ჯარისკაცს ნდობა გამოვუცხადე, უკვე დარწმუნებული ვიყავი სამშვიდობოს გაგვიყვანდა.

როგორ ჩავიარეთ 5 სართული ვერც კი გავიგე. უცებ აღმოვჩნდით ქუჩაში, მოედანი სისხლით იყო მოსვრილი. გარშემო რუსის ხორხოცის გარდა არაფერი ისმოდა, ხანდახან თუ წამოიკვნესებდა რომელიმე ასფალტზე მისვენებული მომაკვდავი. ქალაქი დაცარიელებული იყო, მაშინღა გავაცნობიერე რომ თურმე ჩვენი, მიცვალებულებისა და რუსების გარდა აქ აღარავინ იყო დარჩენილი. ჩვენს დანახვაზე ჭაღარა შერეულმა რუსმა ამოიხორხოცა, რა გოგო ჩაგიგდია ხელშიო, მიაძახა… ამის გაგონებაზე ისევ ცქმუტვა და ყვირილი დავიწყე… ჩემმა რუსმა ერთი მაგრად მომიჭირა ხელი, იმის ნიშნად რომ გავჩუმებულიყავი და ჭაღარას პასუხად მხოლოდ სიცილი დაუბრუნა.

ამდენი სისხლი, ამდენი ცრემლი, ამდენი კვამლი და ფანჯრის ნამსხვრევები არასდროს მინახავს.  საიდანღაც ქალის განწირული კივილი ისმოდა, მოკლულ ქმარს დასტიროდა ეტყობა. ჩემი რუსი კი ჩქარი ნაბიჯით ჭრიდა ქუჩას ქუჩაზე, მოკლეებით ცდილობდა ჩვენს სამშვიდობოს გაყვანას.

არ ვიცი რამდენ ხანს ვიარეთ, აგვისტოს მზე თავის ძალას მაქსიმალურად ამჟღავნებდა და ცდილობდა თავისი სიძლიერის დამტკიცებას, სიცხეს კვამლიც თან ერთვოდა და სუნთქვა ჭირდა. მე კი ისევ მის ზურგზე ვიყავი მოგდებული. არც კი ვიცი რატომ არ მსვავდა ძირს, ალბათ ეგონა რომ გავიქცეოდი? არ ვიცი… მაშინ ამაზე უკვე ვეღარ ვფიქრობდი.

როგორც იქნა გავჩერდით, გარშემო მიმოიხედა, რომ დარწმუნდა სიმშვიდე იყო ძირს დამსვა.  ქუჩაზე კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, ჩვენს გარდა სულიერი არავინ ჩანდა.

– წადით! – წაიჩურჩულა რუსმა. ზურგი შეგვაქცია და უკან, გზას გაუყვა…

– შვილო, ის მაინც გვითხარი რა გქვია… – შეაჩერა დედაჩემმა.

რუსი მობრუნდა, თბილად გაგვიღიმა: – ირაკლი.

– ღმერთმა დაგლოცოს შვილო…

– Спасибо вам! – ირაკლიმ კვლავ გაგვიღიმა, გამოაჩინა თავისი თეთრი კბილები და გაუდგა გზას, უკან, ჯოჯოხეთისკენ.

მიწა საშინლად იყო გახურებული, თითქოს მის ქვემოთ წყალი დუღდა და ცოტაც და ამოხეთქავდა ნაპრალებიდან.

სულ რაღაც 10 წუთი იყო გასული რაც ირაკლის დავემშვიდობეთ. უცებ ზურგს უკან საშინელი, გამაყრუებელი ხმა გაისმა, ვიღაცამ ავტომატის ჯერი დაცალა. გაოგნებული უკან მივბრუნდი და ….

– დედაა მოკლეეეს!!!!!!!!  დედაააააა მოკლეეეეეეს!!!!!! – ესღა აღმომხდა. ჩვენს მხსნელად მოვლენილი ჯარისკაცი დავინახე როგორ დაემხო სისხლიანი მუხლებზე…

აგვისტოს გორი კვამლში იყო გახვეული…

P.S. ზემოთ მონათხრობ ისტორიას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, გარდა 2008 წლის აგვისტოს ისტორიული მოვლენებისა…

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

13 thoughts on “მ ო კ ლ ე ს . . .

  1. ცუდად გამხადა((((((((((((((((((((((((((((((((((((

  2. კადრებად წარმომიდგა ყველაფერი ტო…
    ფილმის სცენარს გავს… 😦

  3. ეს რა ’მოფრენილი ფანტაზია’-ები გქონია,ავტირდი.
    სად შემიძლია მე ესეთების წაკითხვა,უF.
    🙂

  4. nuc reebs gvishvebi, ras gvatireb? 😀 amas malavdi mteli 21 weli? agar damalo, gamoachine da were :* kargi xar 🙂

  5. agvistos omze monacemebs vedzebdi da shemtxvevit agmovchndi ak. P.S. rom ar wamekitxa martla megoneboda piradi istoria. dzalian tragikuli ambavia da martla dzalian ganvicade kitxvisas. yochagh!

  6. შინაარსობრივად კარგია მაგრამ ღმერთმა არ ქნას ეგეთი რაღაც მართლა მოხდეს გორში 😐

  7. ვაიმეეე ;((((( კადრებად დამიდგა თვალწინ :(((

  8. არ ვიცი,რამდენად სინამდვილეს შეეფერება,მაგრამ რასაც მე ვიტყვი,სრული სიმართლეაა…
    – ქალაქი,მხოლოდმაშინ დავტოვეთ,როცა რუსებმა ქალაქის დაბომბვა დაიწყეს…სოფელში ჩარჩენილ დას,ვეღარ დავუკავშირდი…იქ უკვე რუსის ჯარი იყო შესული…როცა ყველაფერმა ჩაიარა, ჩემმა დამ მომიყვა,რომ რუსს ჯარისკაცებს შორის ქართველი ბიჭიც იყო,რომელმაც ურჩია კონტაქტში ნუ შეხვალთ მათთან,რადგანაც შეიძლება რამე გავნონო,ანუ რუსები საჭმელს და სასმელს თხოულობდნე…ერთხელ,რომ მისცემდე,მეორეთ აუცილებლივ გესტუმრებოდნენ…მთელი დღე სარდაფში იმალებოდნე ნ,ქათმების დასაპურებლად გამოსულ ჩემ დას მთვრალი რუსი შეეფეთა,სასმელის მიცემაზე,უარი უთხრა იმ მიზეზით,ვითომ ეს სხვის სახლი იყო…აბა მაჩვენე შენი სახლიო! და ავტომატ მიბჯენილი მიყავდა სოფლის შარაზე…იმ წუთებში ყველა და ყველაფერი წარმომიდგა თვალწინო,ნამდვილად შერცხვენილ სიცოცხლეს სიკვდილი მერჩიაო,-იმ ქართველმა ბიჭმა იხსნა,შერცხვენისგან და ალბათ სიკვდილისგანაც,ჩემს თვალწინ წაართვა იარაღი და საამხრეებიც ააგლიჯა,მასაც ირაკლი ჰქვია…

    • netochka3 მე რაც მიწერია ჩემთვის არავის მოუყოლია, მე თვითონ თბილისში ვცხოვრობ და გორში არასდროს ვყოფილვარ. ეს ზუსტად 2008 წლის 15 აგვისტოს დავწერე.
      საშინელება გადავიტანეთ და ღმერთმა ნუ ქნას ისევ განმეორდეს. შენი და კი უფალმა იხსნა, მადლობა ღმერთს არსებობენ იმ ბიჭის მსგავსი ადამიანები. ღმერთს მადლობა შევწიროთ გადარჩენისთვის და ვილოცოთ დაღუპულთა სულებისათვის.

  9. ცუდად ვარ 😦
    დამაჟრჟრიალა 😦 რა მძიმე წასაკითხია 😦
    ეჰ… 😦

    კარგად წერ ნამდვილად

    ღმერთმა გვაშოროს ამგვარიუბედურებისაგან :(((

დატოვე კომენტარი