ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

“არ დააგვიანო ნაბიჯი ტანგოში, წვიმაში ვიცეკვოთ, ქალაქი ჩუმია” – გიორგი ზანგური

12 Comments

ამ პოსტის დაწერა ჩემი მეგობრის, მარის თხოვნით გადავწყვიტე. ერთხელაც რომ მკითხა რას აკეთებო და ვუპასუხე, ბლოგისთვის თემას ვამზადებ მეთქი, შემომთავაზა იქნებ ზანგურზე დაგეწერა რამეო. ჰოდა მეც ვწერ… 🙂 რადგანაც მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობებით ნაკლებად ვარ განებივრებული, მის ლექსებს შემოგთავაზებთ.

 

უშენოდ მგონი მოვკვდები

ერთ ბედნიერ დღეში გავცვლი ყველაფერს,
სიყვარულსაც ცრემლიანი დავტოვებ,
აკრძალული ყველა კარი შევაღე,
სადაც დამხვდა მტანჯველი სიმარტოვე.

ჩემი გული გაყინული მგონია,
ჩემი ყველა საქციელი უხეში,
ამ ქალაქში მეფობს ეიფორია,
თავჩარგული ბედისწერის უბეში.

მე არ ვიცი ვინ ჩემია, ვინ არა,
სამუდამოდ რომელ გულში მოვხვდები,
ნეტა ერთხელ ჩუმად გამაცინა და
მერე შენი ოცნებებით მოვკვდები.

უშენოდ მგონი მოვკვდები.
უშენოდ მგონი მოვკვდები.
უშენოდ მგონი მოვკვდები.

 

შეშლილი მარშალი

მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე
ჩაიცვან ალერსის გარყვნილი ჯავშანი
და მკერდზე ამბორის ცხელ მიკარებაზე
სირცხვილით დაეწვათ გოგოებს თავშალი.

მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება,
პერანგის მკლავები დაგრძელდეს ფერებით,
დაუწყეთ კეფასთან სულს გასაუბრება
ჩურჩულზე დაბალი,მთრთოლვარე ბგერებით.

დაბანეთ ერთმანეთს წყვილებმა ტანები,
ჟინოწყურებული ამბორის ამალით.
აავსეთ ფრაზები ,სულ გამოცანებით,
უაზრო თემებით,აღგზნების დამალვით.

დაწექით იმდენად პატარა ლოგინზე,
გინდა თუ არ გინდა სატრფოზე გეძინოს.
საყვარელს უთხარიტ”მე ეხლა რომ გიმზერ,
რატომღაც მინდა ,რომ მეჩხუბო,მეწყინოს”.

იმდენად თამამდ შეეხეთ ქალის მკერდს,
შეკრთეს და მოუნდე,დააწყდეს ნერვები,
ხალხმრავალ ადგილას,ალერსი გარიკსეთ,
რომ ვნებას არასდროს დაუცხროთ ღელვები.

იფიქრეტ,ცოტაა სადი და ბოკაჩო
იმ ვნების კოცონთან,რომელსაც თQვენ აჩენთ.
შერწყმას თუ მოგინდა,ალერსი მოქაჩო,
ხუმრობით ბავშვურად ,ნაწნავი მოქაჩე.

შეხსენით გოგოებს სირცხვილის თავშალი,
მიუშვით ვნებეი თავიანთ ნებაზე,
გახდით სიყვარულის შეშლილი მარშალი,
საყვარელს ჩურჩულით აკოცეთ კეფაზე! 

 

 

არ მიყვარს:
ცუდი ხასიათის ადამიანები – ჩემი უხასიათობაც მყოფნის,
სიზმრის რაინდებზე დანიშნული,
უაზროდ შეყვარებული ქალები,
რომანის გმირების ასლები,
გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,
ალერსით დაღლილი წყვილები,
უმისამართო ღიმილი,
არამიწიერი სინაზე,
კოცნამდე ახსნილი სიყვარული.
სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,
ძალიან საქმიანი, დაკავებული, “მეჩქარება ადამიანები”,
ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,
საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,
უაზროდ ბედნიერები,
სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,
მთელი სიცოცხლის მანძილზე
არცერთხელღამეგანათენები ადამიანი.
მკერდდაკოცნილი ქალწულები,
უშრომლად მდიდრები,
ამპარტავანი თავმდაბლები,
ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,
სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,
მარტოსულები ჩემი ჩათვლით,
ძალის მოყვარული ცოლები,
მორალის მქადაგებელი შინაბერები,
მტერის მტერთან ძმადნაფიცები,
ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,
ზარმაცი მეოცნებენი,
უშეცდომო სიყვარული,
ზამთრის სითბო,
ზაფხულის სიცივე,
წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,
მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,
ლხინის მეგობრები,
სუფთად დაწერილი ლექსი,
ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა.
განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა,
კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი,
სიმშვიდის მოყვარული პოეტი,
მტირალა მასხარა,
საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი,
ლამაზი კაცი,
ომის არმნახველი სახელწიფო,
საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ოსტორია,
თამაშით დაღლილი მსახიობი,
ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა,
უსიზმრო ძილი,
დაგვიანებული პაემანი.

 

***

სადმე მიპოვე შენს ოთახში
ჩუმად,ალერსით.
იქნებ კედელზე გაელვებად
გადავიარე.
იქნებ მთვარე ვარ
ვარსკვლავებში ამონალესი,
იქნებ ფანჯრიდან შემომძვრალი
სუსტი ნიავი.
კარგად მოძებნე ჩემი თავი
ყველა საგანში,
იქნებ სარკეში დამინახო,
იქნებ თაროზე
და კოცნის გემო მოგივიდეს,
იქნებ მადაში,
თვალებს ფერები გამოსტაცო
საავგაროზე.
მთელი წინა დღის ისტორიას
ყვება მაგიდა
გაშილი ფურცელზე გაფანტული
მშრალი ფრაზებით…
ნუთუ არ მეძებ?ჩემი პოვნა
იქნებ არ გინდა?
მაშინ კარებზე ურდულივით
ჩავირაზები
და არ გაგიშვებ არასოდეს
არცერთ სიზმარში
არცერთ ოცნებას არ დაგაცდი,
რომ იოცნებო.
რომ არ უყურო შენ ჩემს ცეკვას
დილით ცის მარში?
რომ არ მომძებნო?
არა ამას მე ვერ ავიტან.
გადააქოთე მთელი სახლი
მიპოვე სადმე,
იქნებ წამი ვარ
საათზე რომ უკვე გავიდა,
იქნებ სანთელი სადაცაა
რომ უნდა დადნეს.
სადმე მიპოვე სულერთია,
გინდაც უხეში,
ან იქნებ ლაქად ტანსაცმლისად
ამომიყვანო;
მერე ჩამისვი მომეფერ ნაზად უბეში,
იქნებ გაკოცო მოგეხვიო
და შეგიყვარო.

 

 

***

ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი.
ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.

ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა.

მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი
მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა.
თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი
და მაღმა ჩუმად გაიმაისა..

-გაზაფხულია.

 

 

მკვლელი

მოგკლავდი…
მაგრამ…
არა შენი სიკვდილით,
შენს სილამაზეს მოვკლავდი ჩემში
და მერე ყველაზე დახინჯებული გულით
თავიდან შეგიყვარებდი.

მეტკინე…
როგორც მოტეხილი მკლავი,
თავი რომელიღაც ფრინველი მეგონა
და შენი უმიზეზოდ მტირალი თვალების
ფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე.
იმდენად მარტო ვარ,
ნივთებსაც კი აღარ ვჭირდები,
არა თუ ადამიანებს და ყველაფერი
ხელიდან მივარდება:
კალამი და შენი სუნი,
იები და შენი გაბუტვა.
ვის?!
ვის გავარდნია ხელიდან
ყველაზე მართალი ღიმილი.

ყველაზე გულწრფელი და ბავშვური?
მე გამივარდა.
არა!
ალბათ ძალით დავანარცხე მიწას
და ნამსხვრევებად ვაქციე
შენი ბროლის ტუჩები,
რომ არავის შეემჩნია რა ვნებით
მიყვარდა მათი კოცნა.

მოგკლავდი…მაგრამ…
არა სიკვდილით.
სიცოცხლით მოგკლავდი,
სიცილით მოგკლავდი და მერე
შენს სულთან ერთად ვიცეკვებდი
ღამის ქუჩებში სევდიან ტანგოს
სიახლოვის მკვლელი
და შენთან ერთად დავშორდებოდი
ცაზე შეყვარებულ დედამიწას.
-მომკლავდი?
-ალბათ.

 

 

 

***

ბარები დაკეტეს, ქალაქი ჩუმია,
ცარიელ ქუჩებში ძუნძულებს ავდარი;
კაშნეზე იაფი თამბაქოს სუნია
და ჩემი ოცნება ღრუბლებო მანდ არი!

სადღაც სიახლოვე დაირღვა ტანგოში,
ვიღაცამ უსიტყვოდ ვიღაცა დატოვა,
მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში
ყველაფრით, ყველასთვის, ყველაზე მარტო ვარ.

ფილმივით აეწყო წვიმაში კადრები,
გალუმპულ ჭადართან ლამპიონს ეძინა;
არსად პოეზია, აღარსად მხატვრები
სამყაროს მათგან ხომ ღიმილი ეწყინა.

დღეები ერთმანეთს გვანან და არ ჯერათ
ჰაერშიც იგივე ნოემბრის სუსხია
ყვავილებს სუნთქვა რომ თოვლის ქვეშ ჩარჩებათ
შენს შემოსაშვებად დავტოვებ სულს ღიად.

არ დააგვიანო ნაბიჯი ტანგოში,
წვიმაში ვიცეკვოთ, ქალაქი ჩუმია,
მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში
მარტო ვარ, იაფი თამბაქოს სუნია

 

***

მე შენგან რა მინდა თვითონაც არ ვიცი,
ან რატომ ვირევი შენს ტანში ბინძურად.
ქორწილის დაღლილი ხმა, როგორც მაისი
რა სწრაფად დამთავრდა და ამოიწურა.

მე შენგან რას ველი?! არაფერს დადებითს,
არაფერს ლამაზს და არაფერს მშვენიერს,
უბრალოდ სახეზე თითების დადებით
აღვიქვამ შენს ნიკაპს, ტუჩებს და შენს იერს.

მე შენგან რატომღაც ფერების დანაკლისს
უსიტყვოდ განვიცდი ვრცელ განმარტოებით.
გარეთ გრიგალია, გრიგალი განა ქრის,
უბრალოდ ერთობა სულელი რტოებით.

 

 

***

უშნოდ ლამაზია ეს ქალი,ადამიანისფერ თვალებით….
სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი,სახე აქვს დაღლილი წვალებით….
მზეზე სახრჩობელა კიდია ,სხივებმა ატმები დახოცეს…
ეს ქალი სამყაროს კიდეა,ჰორიზონტზე რომ აკოცეს…
სული აქვს აპრილზე მუზადი ,მის მკერდზე სტრიქონი მეწერა..
ტანი აქვს თლილი და უზადო ,ლოგინზე დაღვრილი ფერწერად…
ოთახი საღამოს ემდურის,გაყინულ ცოლივით მთვარეა…
არ იყო ეს ქალი ერთგული და ახლა ვნებების ქარია…
სევდისგან ეცვლება ნაკვთები ამ ღმერთის საცოლე პითიას…
ვუყურებ და მიკვირს არ ვკვდები ეს ქალი ცოცხალი მითია..
იები ამ ქალის სულს ზრდიან ,მგონია ეს ქალი თამარს შობს…
ეპოქა ქალივით სუსტია და კაცის ნერვებზე თამაშობს…

 

ვურჩიოთ რამე

ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
“რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო”

 

ქალაქში სადაც…

ბინძური ხალხით დასახლებულ ტერიტორიას-
ქალაქს, რომელსაც დაუნგრიეს სიცილის სკოლა,
სიზმრის მოყოლად გაუმხილეს მტერს ისტორია
და ყოველ ღამეს ტრადიციად გადექცათ სროლა;

სადაც კარგავენ მეგობრები ძმობის შეგრძნებას
და პოეტები განთიადებს აღარ ხვდებიან,
სადაც ქალისთვის სიყვარულის ახსნა შეგრცხვება
და ლოლოები მაისშიაც აღარ დნებიან.

ნაგავსაყრელზე რომ შეხვდება გოგონას ბიჭი,
ყვავილის ნაცვლად რომ მიართმევს გატეხილ სარკეს
იქ სადაც კვდება მიჯნურებში ალერსის ნიჭი
და ბუხრის შეშად უკეთებენ ბალზაკს და მარკესს.

ქალაქს რომელსაც სასაფლაოს გალავანი აქვს
და მტრედებს ჭამენ ისე შიათ დაკარგვა რწმენის,
ღამე კახპებით დატვირთული ქარავანია,
სადაც სიცოცხლე – სულელია,სიკვდილი – ბრძენი.

სადაც ყოველთვის საუბრობენ ძალიან ცოტას,
მაგრამ ნერვებით,ერთმანეთის ზიზღით,ხმამაღლა,
სადაც სიკეთე გამოცდაზე აბარებს ცოდვას
და სიყმაწვილე ნაოჭებმა მტვერში დამარხა.

ასეთ ქალაქში შემოფრინდა ზაფხულის მაცნე,
პეპლების გუნდით, ყვავილების ლურჯი ნიავით,
იწრიალეს და საღამომდე ვერაფრით გაძლეს
ქალაქში, სადაც ვერ იპოვეს ადამიანი…

 

ყოფნა ყველაფერში

გავხდები: შენი რიგითი წუთი,
ყოველდღიური ნაცნობი,მოძმე.
სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი,
მტვრიანი ქუჩა,აპრილის მოწმე.

გავხდები: უცხო გამვლელი ძაღლით,
შენი ხელ-პირის დაბანა დილას,
სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი,
სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.

გავხდები; შენი მეზობლის წყევლა,
ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი,
პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად
და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი.

გავხდები; შენი ერთგული ჩანთა,
სუნამოს ბოთლი,საფულე ,მძივი,
კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან
ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი.

გავხდები:წვიმა გაშლილი ქოლგა
და ქვაფენილის სველი ლაქები,
ღAმის პერანგი ან ძილში ბორგვა,
თავზე ხელების შემოლაგებით.

გავხდები: შენი გამოცვლა კაბის,
შიშველ სხეულზე მოცმული ფარდა,
აბაზანში ღრუბელი ქაფის
და უცხო ზურგის შექცევა ბართAნ.

გავხდები: შენი ყვავილი ქოთნის ,
ფანჯრის მტვრიანი,დახრილი რაფა,
წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი,
ან ჭურწლის გროვა, დამწვარი ტაფა.

გავხდები დილის პირველი ყავა,
და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო,
წარსული რომელიც გაგაიხდა ავად,
წვიმაში მაინც გადის და ლოთობს.

გავხდები: შენი მაგიდის წიგნი,
რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს,
ან თუნდაც შიში , თორმეტი წლის წინ
როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს.

გავხდები: ყველა მუსიკის ჰანგი,
კლასიკა,ჯაზი ტანგო და როკი,
თუ გინდა თეთრი,თუ გინდა ზანგი,
თუ გინდა ჭრელი სარეცხის თოკი.

გავხდები:შენი თამბაქოს სუნი,
სავსე საფერფლე,ასანთის ღერი,
ნაფაზის რგოლი და შენისლული
ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი.

გავხდები: თოვა ცისა და ნუშის,
ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით.
გინდა გავხდები ,რაც იყო გუშინ?
ტკივილი ,სევდა,სიბრაზე,ზიზღი…

 

ეძღვნება ორ მარის, რომლებსაც ეს ადამიანი ძალიან უყვართ. ქიტოშვილი ტუხაშვილი თქვენია ეს პოსტიიი :)))  მათ შემდეგ ჩემს თავსაც მივუძღვნი და რა დამიშავეს ზანგურის დანარჩენმა თაყვანისმცემლებმა, მათაც მივუძღვნი. 🙂

 

 

პოსტის დასასრული. 🙂

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

12 thoughts on ““არ დააგვიანო ნაბიჯი ტანგოში, წვიმაში ვიცეკვოთ, ქალაქი ჩუმია” – გიორგი ზანგური

  1. gaixare niin am postistvis:)))))))))) martla dzalian dzalian momewonaaaaa, vgijdebi ise miyvars es adamiani da misi shemoqmedeba………… madloba modzgvnistvis da shenc gedzgvneba chemgaaaaaaan:)))))))))))

  2. მეც მიყვარს ზანგური, ოღონდ ერთ რამე სჭირთ ახალ პოეტებს, აი ვერსოდეს ერ იგრძნობ მათ ლექსს წაკითხვით ისე როგორც მოსმენით, ნუ ალბათ თავისებურად ესეც კარგია:)

  3. რა ძალიან ლამაზი და კარგი ლექსებია.
    მხოლოდ ერთი-ორი ვიცოდი.
    ძალიან დიდი მადლობა პოსტის ავტორს, უღმესი მადლობა.

  4. ძალიან მიყვარს გიორგი ზანგური. ჩვენთან იყო ჩამოსული ქუთაისში, ჩვენს უნიში იყო მოსული და პირადად ვნახე.ძალიან კარგი და უშუალო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე პირადად. 🙂 ჰოდა კიდევ ძალიან კარგია სპექტაკლში “ბამბაზიის სამოთხე”. უყურეთ ხალხნო, ვისაც არ გაქვთ ნანახი. არ ინანებთ!

  5. ase,kargad ar vicnobdi mis poezias-madloba shen!

  6. მე წაკითხვითაც ვგრძნობ მის ლექსებს…

  7. ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ და უფრო დიდი სისმოვნებით ვუსმენ,ძალიან კარგად კითხულობს,თავისი სტილი აქვს არავის არ გავს.<3

Leave a reply to mari კომენტარის გაუქმება